COVID-19 - ბოლო ცნობები

სამინისტრო: ჩინეთიდან რეისები შეიძლება შეიზღუდოს და მგზავრების კონტროლი უფრო გამკაცრდეს

საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეკომენდაციები და აეროპორტში ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრების შემოწმება დაიწყო
Sputnik

თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ ისეთ ქვეყნებში მოგზაურობისგან, სადაც ახალი ტიპის კორონავირუსის რისკი მაღალია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თბილისის აეროპორტში მგზავრების კორონავირუსზე შემოწმება მიმდინარეობს

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას აცნობა უცნობი წარმოშობის პნევმონიის აფეთქების შესახებ ქალაქ უხანში, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 56 ადამიანი, ინფიცირებულთა რიცხვი 1975-ს აღწევს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პირველი რეკომენდაცია, რასაც განიხილავენ, იქნება მოგზაურობის შეზღუდვა, ამის შესახებ რეკომენდაციები უკვე გავრცელდა.

ამასთან, გაბუნიას განმარტებით, შესაძლებელია დადგეს საჭიროება, რომ ჩინეთიდან პირდაპირი რეისები შეიზღუდოს და ტრანზიტული ქვეყნებიდან მგზავრების კონტროლი უფრო გამკაცრდეს.

„ჩვენ დაველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, თუმცა ქვეყანას თავადაც შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ამის საჭიროებას დაინახავს. ხვალ დაიწყება რეკომენდაციები საკითხთან დაკავშირებით, თუ რამდენად მკაცრად უნდა მივუდგეთ მგზავრობის შეზღუდვის თემას და ძალიან მალე, მომავალი კვირის დასაწყისში უფრო მკაფიო გახდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველა შემოსული მგზავრის შემოწმება თერმული სკრინინგით სავალდებულო არ არის, მოწმდებიან ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები, ტრანზიტული თუ პირდაპირი რეისებით“, -  განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სომხეთმა ჩინეთიდან პროდუქტების იმპორტი აკრძალა

საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეკომენდაციები და აეროპორტში ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრების შემოწმება დაიწყო.

საქართველოში ჩამოსულ ყველა მგზავრს თერმოსკრინინგი უტარდება, ანუ მათ დისტანციური თერმომეტრის მეშვეობით ტემპერატურას უზომავენ, ასევე ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას აკვირდებიან. ჯერჯერობით, არცერთ ჩამოსულ მგზავრს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

ვირუსი უკვე გასცდა ჩინეთის ფარგლებს. დასნებოვნების ფაქტები დაფიქსირდა ჰონგ-კონგში, მაკაოში, ტაივანში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, აშშ-ში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიასა და ტაილანდში.

„მაღაზიებში არ არის პური, წყალიც მთავრდება“ - როგორ ცხოვრობს ქართველი გოგო ჩინეთში >>

კორონავირუსები – 30-ზე მეტი ვირუსის ოჯახია, რომელიც ორ ქვეჯგუფად იყოფა. პირველად მათი იდენტიფიცირება 1965 წელს მოხდა. ვირუსი შეიძლება შეეყაროს ადამიანებს, შინაურ ცხოველებს, ფრინველს, მსხვილფეხა პირუტყვს. კორონავირუსი აზიანებს სასუნთქ სისტემას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ნერვულ სისტემას.