COVID-19 - ბოლო ცნობები

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა და დაავადებულთა რიცხვი სწრაფად იზრდება

დაავადებულია 2 ათასამდე ადამიანი, მათგან 300-ზე მეტის მდგომარეობა მძიმეა. შესაბამის მონაცემებს ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს
Sputnik

თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 56-ს მიაღწია, იუწყება РИА Новости.

უცნობი წარმომავლობის პნევმონიის აფეთქების შესახებ ჩინეთის ქალაქ უხანში 31 დეკემბერს გახდა ცნობილი. ექსპერტებმა მოკვლევით დაადგინეს, რომ საუბარი იყო კორონავირუსის ახალი ტიპის — 2019-nCoV-ს შესახებ.

დაავადებულია 1975 ადამიანი, მათგან 324-ის  მდგომარეობა მძიმეა. შესაბამის მონაცემებს ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს.

მოსკოვში ჩინეთის შვიდი მოქალაქე ჰოსპიტალიზებულია ვირუსული ინფექციის სიმპტომებით

უწყების ცნობით, ახალი კორონავირუსით ასევე სავარაუდოდ დაავადებულია კიდევ 2684 ადამიანი, თუმცა მათი დიაგნოზი ჯერ საბოლოოდ არ არის დადასტურებული.

ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა ყველაზე დიდი რაოდენობა – 52 ადამიანი ქალაქ უხანშია, რომელიც ვირუსის გავრცელების ეპიცენტრია. დაავადების აფეთქება მთელი ქვეყნის მასშტაბით 30 რეგიონში ფიქსირდება. კერძოდ, შანხაის ხელისუფლებამ, სადაც 24 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, კვირას დილით განაცხადა კორონავირუსით ერთი გარდაცვლილის შესახებ. ახალი ტიპის კორონავირუსით 88 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, მას ასევე გულისა და თირკმლის მწვავე უკმარისობა აწუხებდა. ბოლო მონაცემებით, ქალაქში ინფიცირების 40 შემთხვევა დაფიქსირდა, 37 ადამიანის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის - კრიტიკული, ერთი კი გაწერეს.

ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 21 556 ადამიანი, რომლებსაც დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ. ჩინეთის სახმელეთო ტერიტორიების გარდა, ჰონგ-კონგში დაფიქსირდა დაინფიცირების 5 შემთხვევა, მაკაოზე - 2, ტაივანზე - 4, ტაილანდში - 4 (2 გაწერეს).

სიტუაცია მსოფლიოში

დიაგნოზი ოფიციალურად დაუდასტურდა 2 ადამიანს იაპონიაში, სამხრეთ კორეაში - 2 , ვიეტნამში - 2, სინგაპურში - 3, მალაიზიაში - 3, ნეპალში - 1, საფრანგეთში - 3, ავსტრალიაში - 1, აშშ-ში - 2, კანადაში - 1.

„აშშ, საფრანგეთი და რუსეთი იღებენ ზომებს თავისი მოქალაქეების ევაკუაციისთვის ქალაქ უხანიდან, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის სწრაფ გავრცელებასთან დაკავშირებული მზარდი შეშფოთების ფონზე ქალაქი ბლოკირებულია“, - წერს გაზეთი Washington Post.

გაზეთ Wall Street Journal-ის მონაცემებით, კვირას აშშ ჩარტერული რეისით გაიყვანს ქალაქ უხანიდან თავის მოქალაქეებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

კორონავირუსები – 30-ზე მეტი ვირუსის ოჯახია, რომელიც ორ ქვეჯგუფად იყოფა. პირველად მათი იდენტიფიცირება 1965 წელს მოხდა. ვირუსი შეიძლება შეეყაროს ადამიანებს, შინაურ ცხოველებს, ფრინველს, მსხვილფეხა პირუტყვს. კორონავირუსი აზიანებს სასუნთქ სისტემას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ნერვულ სისტემას.