დოდო გუგეშაშვილის ვაჟის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი წაუყენეს

როგორც დაკავებულის ადვოკატმა, გოგა ბოგვერაძემ განაცხადა, მას ბრალი წაუყენეს იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მკვლელობისთვის
Sputnik

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. დოდო გუგეშაშვილის დაჭრასა და მისი შვილის, გრიგოლ გუგეშაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულ ზაზა მურჯიკნელს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

როგორც დაკავებულის ადვოკატმა, გოგა ბოგვერაძემ განაცხადა, მას ბრალი წაუყენეს იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მკვლელობისთვის.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არცერთ ბრალდებას არ აღიარებს. ჩვენ ამ დრომდე არ გადმოგვცემია საქმის მასალები და მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ ნათელი გახდება, თუ რა მტკიცებულებებია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ. ჯერჯერობით, ამოცნობა არ ჩატარებულა. დოდო გუგეშაშვილს და მის ოჯახს არ იცნობდა, არც შეხვედრია. არსად არ მიმალულა და გაქცეულა“, – განაცხადა ადვოკატმა.
დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2018 წლის 7 თებერვალს თბილისში, დოდო გუგეშაშვილის დროებით საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულ-მკერდის არეში სხეულზე დაზიანებები მიაყენა დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. თავად დოდო გუგეშაშვილი, დროული სამედიცინო დახმარების შედეგად, სიკვდილს გადაურჩა.

დოდო გუგეშაშვილი შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, აფხაზეთის ომის ვეტერანი და ყოფილი შეიარაღებული სამხედრო ფორმირება „მხედრიონის" ერთ-ერთი ლიდერია. ოჯახის ახლობლები უარყოფენ, რომ შემთხვევა შეიძლება „მხედრიონის" წარსულს უკავშირდებოდეს.