მსოფლიო დღეს

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება, რადგან ნანგრევებში ადამიანები კიდევ არიან დარჩენილი.
Sputnik

თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. თურქეთში, მალათიასა და ელაზიღის პროვინციებში ძლიერი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა და 1015 დაშავდა, იუწყება РИА Новости სააგენტო Anadolu-ზე დაყრდნობით.

6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა ქალაქ სივრიჯეს მახლობლად (ელაზიღის პროვინცია) პარასკევს ადგილობრივი დროით 20:55 საათზე მოხდა. ​ეპიცენტრი 7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ​გავრცელებული ინფორმაციით, 30 შენობა დაინგრა, ათეულობით შენობა დაზიანებულია.

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ აკვირდება სიტუაციას. ის ირწმუნება, რომ დაწესებულებები მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად ყველა საჭირო ზომას იღებენ. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება, რადგან ნანგრევებში ადამიანები კიდევ არიან დარჩენილი.

სტიქიური უბედურების ზონაში 28 პროვინციიდან 493 სამაშველო ბრიგადა მუშაობს. მიწისძვრის ზონაში ჩატანილია 1689 კარავი, 1656 საწოლი და 9200 საბანი. მალათიასა და ელაზიღის პროვინციებში მობილური კავშირი უფასო გახდა.

ჯერჯერობით უცნობია, დაშავებულთა შორის იყვნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები.