ჩხოროწყუში მამაკაცს მანქანაში ხელყუმბარა აუფეთქდა

დაშავებულ მამაკაცს ქვედა კიდურებზე ოპერაცია გაუკეთდა და ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შემდგომი მკურნალობის მიზნით ის ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს
Sputnik

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. ჩხოროწყუში 39 წლის გიორგი კვარაცხელიას მანქანაში ხელყუმბარა აუფეთქდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

ინციდენტის შედეგად მამაკაცს ქვედა კიდურები დაუზიანდა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.

დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელი დააკავეს

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების შეფასებით, ახალგაზრდა მამაკაცს ქვედა კიდურებზე მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება.

„კატასტროფის სამსახურის მიერ შემოყვანილ იქნა ჩხოროწყუს საავადმყოფოდან ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა ქვედა კიდურებზე მრავლობითი გამჭოლი ჭრილობები, შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ გადაყვანილ იქნა საოპერაციოდ და ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და შემდგომი მკურნალობის მიზნით გადაყვანილია ქუთაისის საავადმყოფოში", - განაცხადა ზუგდიდის „ემერჯენსის“ მორიგე ექიმმა.

დაშავებულის ახლობლები არ ფლობენ ინფორმაციას, საიდან და რა მიზნით გადაადგილდებოდა დაშავებული ხელყუმბარით.

„არ მაქვს ინფორმაცია საიდან აქვს ხელყუმბარა. სავარაუდოდ ძველია, წლების წინანდელი. ბაბუაჩემის ნაქონი. მანქანაში რატომ ინახავდა, არ ვიცი", - განაცხადა დაშავებულის დამ ეკა კვარაცხელიამ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ნიკა ლატარია