თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ჩინეთის ხელისუფლებამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების უმაღლესი დონე გამოაცხადა 25 პროვინციაში, ცენტრალური დაქვემდებარების ქალაქსა და სპეციალურ ადმინისტრაციულ რაიონში.
სულ ამ ტერიტორიაზე 1,2 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს.
როგორც წესი, რეაგირების I დონე განსაკუთრებით მსხვილი საგანგებო სიტუაციების დროს ცხადდება, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობას უკავშირდება და ითვალისწინებს იმას, რომ ადგილობრივი მთავრობა მათზე სახელმწიფო საბჭოს და ცენტრალიზებული შტაბის გეგმის მიხედვით რეაგირებს.
პირველი უმაღლესი დონე გამოცხადდა ხუბეის პროვინციაში, სადაც ვირუსის კერა - ქალაქი უხანი მდებარეობს. მოგვიანებით მსგავსი ზომები მიიღეს ცენტრალური დაქვემდებარების ქალაქებში - პეკინში, შანხაიში, ჩუნცინსა და ტიანძინში.
ახლა ამ ჩამონათვალში არიან ასევე პროვინციები გუანდუნი, ხენანი, ხუნანი, ჯეძიანი, ანხოი, ძიანსი, სიჩუანი, შანდუნი, იუნანი, გუიჯოუ, ფუძიანი, ძიანსუ, ხაინანი, ხეილუნძიანი, ხებეი, განსუ, ლიაონინი, შანსი, ასევე სინძიანისა და გუანსი-ჯუანის ავტონომიური რაიონები.
საშიში ვირუსი
უცნობი წარმომავლობის პნევმონიის აფეთქების შესახებ უხანში 31 დეკემბერს გახდა ცნობილი. ექსპერტებმა მოკვლევით დაადგინეს, რომ საუბარი იყო კორონავირუსის ახალი ტიპის — 2019-nCoV-ს შესახებ.
გაირკვა, რომ პირველ დაავადებულებს კავშირი ჰქონდათ ზღვის პროდუქტების ბაზართან. მოგვიანებით დადგინდა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა.
ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ჩინეთში ვირუსით დაინფიცირდა 1287 ადამიანი, დაიღუპა 41 პაციენტი.
ვირუსი გასცდა ჩინეთის ფარგლებს. დასნებოვნების ფაქტები დაფიქსირდა ჰონგ-კონგში, მაკაოში, ტაივანში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, აშშ-ში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიასა და ტაილანდში.