ფიზიკური დაპირისპირება: საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის" წევრი სცემეს – ვიდეო

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოში კონფლიქტის მიზეზი მისი განსხვავებული აზრი გახდა.
Sputnik

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების" დეპუტატებსა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, ამის შესახებ განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

„ეს მე კი არ დამარტყეს, დაარტყეს ყველას, ვისაც აქვს განსხვავებული აზრი", – განაცხადა ჟურნალისტებთან ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მას „ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატი ერთდროულად ურტყამდა.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება.

ჩხუბი პარლამენტში: ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს სახეში გაარტყა – ვიდეო>>

ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოში დეპუტატებს შორის, რომელიც სიტყვიერი კამათით დაიწყო, ურბანული განვითარებისა და სარევიზიო კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე მოხდა.

ოპოზიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიების დაწყება მოითხოვა.