უამინდობა საქართველოში: გზებზე შეზღუდვები დაწესდა

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების რამდენიმე მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ან საერთოდ აიკრძალა ან შეიზღუდა.
Sputnik

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. უამინდობის გამო გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე შეზღუდვები დაწესდა, ყუმი-ღვედის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, ხოლო ხაიში-უშგულის მონაკვეთზე გადაადგილება ჯაჭვებითაა შესაძლებელი, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-40-ე კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვლი, ქარბუქი, შტორმი: საქართველოში ამინდი გაუარესდება

დიდთოვლობის გამო, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 19-41-ე (ყიმი-ღვედი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.     

დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 186-198-ე კმ (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, 70-186-ე კმ (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის 1-70-ე კმ (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.