ქართული ბანკი უზბეკეთში იმუშავებს

TBC Bank-მა ჯერ კიდევ ნოემბერში მიმართა ოფიციალურად უზბეკეთის შესაბამის უწყებას ქვეყნის ტერიტორიაზე საბანკო ლიცენზიის მისაღებად.
Sputnik

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. უზბეკეთის ცენტრალური ბანკის საბანკო მეთვალყურეობის კომიტეტმა ქართულ TBC Bank-ს („თიბისი ბანკი") ტაშკენტში ბანკის გახსნაზე წინასწარი ნებართვა მისცა, იუწყება „Sputnik-უზბეკეთი".

„წინასწარი ნებართვა ბანკის შექმნაზე ექვს თვემდე ვადით გაიცემა. ამ პერიოდის განმავლობაში დამფუძნებლებმა შესაბამისი საორგანიზაციო-ტექნიკური ზომები უნდა მიიღონ და ჩამოაყალიბონ ბანკის საწესდებო კაპიტალი საბანკო საქმიანობის განხორციელებაზე ლიცენზიის მისაღებად", – განმარტავენ უზბეკეთის ცენტრალურ ბანკში.

TBC Bank-ის გეგმებზე უზბეკეთის ბაზარზე თავისი ციფრული ნეობანკით Space გასვლასთან დაკავშირებით გასული წლის იანვარში გახდა ცნობილი.

2019 წლის აპრილში TBC Bank-მა კომპანია Inspired-ის აქციების 51% შეისყიდა, რომელიც უზბეკეთში წამყვან საგადასახადო სისტემას წარმოადგენს და მუშაობს ბრენდით Payme, ხოლო ნოემბერში ოფიციალურად მიმართა უზბეკეთის შესაბამის უწყებას ქვეყნის ტერიტორიაზე საბანკო ლიცენზიის მისაღებად.

ქართულმა ბანკმა უზბეკეთში საგადასახადო სისტემის საკონტროლო პაკეტი შეისყიდა

სავარაუდოდ, Payme-ს შესყიდვა ბანკს საშუალებას მისცემს, მომხმარებლების საერთო რაოდენობა 3,7 მილიონ ადამიანამდე გაზარდოს.

ამჟამად ТBC Bank Group უზბეკეთში ციფრულ მომსახურებას აქტიურად ნერგავს – აფართოებს Payme-ს მომსახურებათა ჩამონათვალს, აამოქმედა ბილეთების გაყიდვის ონლაინ-სერვისი, ქმნის სავაჭრო პლატფორმას Vendoo, მუშაობს ციფრული ბანკის შექმნაზე.

უზბეკეთის ანტიმონოპოლიური კომიტეტის შეფასებით, ქართული ბანკის მიერ საგადასახადო სისტემის ყიდვა ქვეყნის უმსხვილესი გარიგებების ხუთეულში მოხვდა.

TBC Bank-ი 1992 წელს დაფუძნდა. TBC Bank Group PLC ლონდონში 2017 წელს შეიქმნა, მისი აქციები ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ-სეგმენტის ლისტინგში გავიდა.

ანგარიშის მიხედვით, ბანკის აქტივებმა, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 15 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც საქართველოს საბანკო სისტემის საერთო მოცულობის 38,2%-ია. TBC Bank-ზე მოდის ქვეყანაში საბანკო სისტემის კრედიტების საერთო მოცულობის 38,8% და საბანკო დეპოზიტების საერთო მოცულობის 41,2%.