თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ამინდის გაუარესებას ელიან. პროგნოზის თანახმად, ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მოთოვს, აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე.
„ზამთარი მოგვპარეს“ - ეკოლოგმა განმარტა, რატომ არ თოვს საქართველოში >>
ხუთშაბათიდან შაბათამდე მთებსა და მაღალმთიან რეგიონებში თოვლთან ერთად მოსალოდნელია ნისლი, ქარბუქი და დასავლეთის ქარის გაძლიერება.
ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში დაიწევს და ღამით დაბლობში -6 გრადუსი, დღისით კი +5 გრადუსი იქნება. ქვეყნის დასავლეთში ღამით ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს, დღისით კი მაქსიმუმ +6 გრადუსი ცელსიუსი იქნება.
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში დაუბერავს 10-15 მ/წ სიჩქარის ქარი, დროდადრო გაძლიერდება 20-25 მ/წ-მდე.
შავი ზღვის სანაპიროზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მთაში უხვი ნალექის გამო მოსალოდნელია ზვავის ჩამოწოლა, ასევე მეწყრული პროცესების გააქტიურება.
ამ ზამთარს საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე ერთი გრადუსით მაღალია, ნალექი კი ნორმის ფარგლებშია.
დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +5, +7; მთაში 0, +2; მაღალ მთაში -4, -2; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0, +2; მთაში -2, 0, მაღალ მთაში -5, -3 გრადუსს შეადგენს.
საქართველოში ყველაზე ცივი ზამთარი ბოლოს 2011 წელს იყო. მაშინ ჰაერის საშუალო ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში +3, +4 გრადუსს მიაღწია, აღმოსავლეთში კი - 0,+2 გრადუსს.