ქართველმა წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრებთან წააგეს

ახლა ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატზე მეცხრე ადგილისთვის იბრძოლებენ. პირველი მეტოქე პლეი-ოფში თურქეთის ნაკრები გახდება.
Sputnik

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საქართველოს წყალბურთის მამაკაცთა ნაკრებმა რუსეთის გუნდთან ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში 13:14 წააგო. ჩემპიონატი ამ დღეებში ბუდაპეშტში იმართება.

თამაშის პირველი ნახევარი რუსი სპორტსმენების უპირატესობით წარიმართა – 9:6. თუმცა, შესვენების შემდეგ რამაზ ჩომახიძის გუნდმა შეძლო თამაშის შემობრუნება, შესანიშნავად ჩაატარა მესამე მეოთხედი, რომელიც 4:2 მოიგო. თუმცა, დასკვნითი მეოთხედი ფრედ დასრულდა – 3:3, რამაც რუსეთის ნაკრებს მეოთხედფინალის საგზური მოუტანა, სადაც ის უნგრეთის გუნდს შეხვდება.

გამარჯვებულთა შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იგორ ბიჩკოვი გახდა (ხუთი გოლი); ქართულ გუნდში კი სამ-სამი გოლი გაიტანეს ფაბიო ბარალდიმ და მარკო ელაჩამ.

„ამ გუნდით ძალიან კმაყოფილი ვარ. გუნდმა აჩვენა ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეეძლო, აჩვენეს, რომ რვა გუნდში მოხვედრას იმსახურებდნენ. სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო ეს არ მოხერხდა, მაგრამ ვამაყობ შედეგით და ვამაყობ გუნდით", – განაცხადა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ ჩომახიძემ.

ახლა ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატზე მეცხრე ადგილისთვის იბრძოლებენ. პირველი მეტოქე პლეი-ოფში თურქეთის ნაკრები გახდება. მატჩი 22 იანვარს გაიმართება.

წყალბურთელთა ნაკრები კონტინენტის პირველობაზე მეოთხე წელია ზედიზედ მონაწილეობს. ამჟამად ქართული გუნდის საუკეთესო შედეგია მე-12 ადგილი 2014 წლის ჩემპიონატზე.

ევროპის ჩემპიონატი 26 იანვრამდე გაგრძელდება. მოქმედი ჩემპიონია სერბეთის ნაკრები.