თურქეთში „შუშანიკის წამება“ გამოიცა

ბოლო წლების განმავლობაში თურქეთში კლასიკური და თანამედროვე ქართული ლიტერატურის მიმართ არნახულ ინტერესს იჩენენ.
Sputnik

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. უძველესი ქართული ლიტერატურის ძეგლი „შუშანიკის წამება“ („წამება წმიდისა შუშანიკისი დედოფლისა“) თურქულ ენაზე ითარგმნა. წიგნი გამოსცა თურქულმა გამომცემლობა Otello-მ, იუწყება პორტალი „ბათუმელები“.

იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“ მეხუთე საუკუნით, კერძოდ, 476-483 წლებით თარიღდება.

„არ მეგონა ასე თუ გავრისკავდი“ - როგორ შეიქმნა პირველი ქართულ-ნიდერლანდური ლექსიკონი

ნაწარმოები თურქულ ენაზე თარგმნა თურქეთში მცხოვრებმა ქართველმა მთარგმნელმა, პროზაიკოსმა და პოეტმა ფარნა-ბექა ჭილაშვილმა. ის არის სტამბულის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული და ქართულ-თურქული ჟურნალის „ფიროსმანის“ დამფუძნებელი (გამოდის თურქეთში). ჭილაშვილი მრავალი წელია, ქართულ ლიტერატურას თარგმნის თურქულ ენაზე.

კერძოდ, ჭილაშვილის წყალობით თურქი მკითხველი გაეცნო მიხეილ ჯავახიშვილის, ერლომ ახვლედიანის, ოთარ ჭილაძის, ნოდარ დუმბაძის, ჯემალ ქარჩხაძის, ნაირა გელაშვილის, ირაკლი კაკაბაძის, დათო ტურაშვილისა და სხვათა შემოქმედებას.

ჭილაშვილი აღნიშნავს, რომ თურქეთში ქართული ლიტერატურის მიმართ არნახულ ინტერესს იჩენენ.

ვენის შემდეგ ბუდაპეშტი: ქართული ბიბლიოთეკები მსოფლიოს სულ უფრო მეტ ქალაქში ჩნდება>>

„ბოლო ხუთი წელია ქართული ლიტერატურის მიმართ თურქეთში ინტერესი თანდათან გაიზარდა. დიდი ხანია ვთარგმნი ქართულ ლიტერატურას, იზრდება გამომცემლობების ინტერესიც, ისინი დაინტერესებული არიან ჩვენით. ძალიან ბევრი გამოხმაურება მოჰყვა ჩემს თარგმანებს. ყველაზე მეტად ერლომ ახვლედიანის რომანს „კოღო ქალაქში“, – აღნიშნა მთარგმნელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„შუშანიკის წამება“, რომელიც პირველად 1882 წელს გამოიცა, თარგმნილია რუსულ, ლათინურ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ესპანურ და უნგრულ ენებზე. 1979 წელს „იუნესკოში“ ძეგლის 1500 წლისთავი აღინიშნა.