საქართველო-თურქეთის საზღვარზე არადეკლარირებული ვერცხლისწყალი ამოიღეს

106,5 გრამის ოდენობით საშიში ქიმიური ნივთიერება მებაჟე-ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე საქართველოს მოქალაქის ჩხრეკისას აღმოაჩინეს.
Sputnik

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა „კარწახის" საბაჟო-გამშვებ პუნქტში არადეკლარირებული ქიმიური ნივთიერება – ვერცხლისწყალი ამოიღეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულო განცხადებაში.

კონტრაბანდული ნივთიერება მებაჟე-ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე საქართველოს მოქალაქის ჩხრეკისას აღმოაჩინეს, სამართალდამცველებმა 106,5 გრამი ვერცხლისწყალი ამოიღეს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ერთეულს გადაეცა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 214-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევას გულისხმობს.

დაკავებულს ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.