თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ლიცენზიის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის, წიაღით უკანონოდ სარგებლობის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების ცნობით, ბრალდებული თანამზრახველებთან ერთად უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე მდინარე სუფსის კალაპოტში ქვიშა–ხრეშის მოპოვებას აწარმოებდა, რაც ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გაწერის გზით, ფორმალურად აისახებოდა ერთ-ერთი კომპანიის სახელზე.
„აღნიშნული გზით უკანონოდ იქნა მოპოვებული 15 775 კუბური მეტრი ქვიშა–ხრეში, გარემოზე მიყენებული ზიანი 15 000 ლარს აღემატება", – ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 192-ე, 299-ე, 210-ე და 185-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.