გულის შემდეგ კუჭ-ნაწლავი: მეცნიერებმა კაკლის ახალი სარგებელი დაადგინეს

კაკლის ყოველდღიური მიღება უზრუნველყოფს სხვადასხვა სუბსტრატების წარმოქმნას, რომლებიც ნაწლავურ მიკრობიომს კვებავს.
Sputnik

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. ყოველდღიურ რაციონში კაკლის დამატება ზრდის სასარგებლო ბაქტერიების დონეს ნაწლავთა სისტემაში და ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას, ნათქვამია ამერიკელ მეცნიერთა კვლევაში, რომელიც ჟურნალ Nutrition-ში გამოქვეყნდა. 

პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა მანამდე დაადგინეს, რომ დიეტა, რომელიც კაკალსაც მოიცავს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს და არეგულირებს სისხლის წნევას, რითიც ხელს უწყობს გულის გამართულად მუშაობას. ამჯერად მეცნიერებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, როგორ მოქმედებს კაკალი კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე.  

კაკლის გავლენა გულსისხლძარღვთა სისტემაზე: შვედ მედიკოსთა 17 წლიანი დაკვირვების შედეგი

კვლევისთვის 30-დან 65 წლამდე ასაკის, ჭარბი წონის მქონე 42 მოხალისე შეირჩა. ექსპერიმენტის დაწყებამდე ორი კვირის განმავლობაში ისინი ჩვეულებრივად, საშუალო სტატისტიკური ამერიკელებისთვის დამახასიათებლად იკვებებოდნენ. ამის შემდეგ მოხალისეები სამ ჯგუფად დაყვეს. აქედან ერთი ჯგუფის რაციონში გაჯერებული ცხიმების ნაცვლად კაკალი შეიტანეს, მეორეში ჯგუფის რაციონში კაკალს ცვლიდა ალფა-ლინოლენური მჟავა (ALA) – ნივთიერება, რომელსაც შეიცავს კაკალი, მესამე ჯგუფის რაციონი ასევე უკაკლო იყო, ოღონდ მოიცავდა ALA-სა და ოლეინის ცხიმმჟავას.

ექსპერიმენტის დასრულებამდე 72 საათით ადრე, რომელიც ექვსი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, მეცნიერებმა მოხალისეების ფეკალური მასების ანალიზი აიღეს. შედეგებმა აჩვენა, რომ ჯანსაღი კვების ფარგლებში კაკლის ყოველდღიური გამოყენებით კუჭნაწლავის სისტემაში სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობა გაზრდილი იყო.

როგორც კვლევის ერთ-ერთი ავტორი, კრისტინა პეტერსენი ამბობს, კაკლის დიეტამ გაზარდა მთელი რიგი სასარგებლო ნაწლავური ბაქტერიების რაოდენობა, უპირველესად, Roseburia-ს დონე, რომელიც ნაწლავების შიდა გარსს იცავს. 

მკვლევარების აზრით, ნაწლავების მიკრობიომის ცვლილებასა და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე კაკლის სასარგებლო გავლენას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. 

„ჩვეულებრივი წახემსების შეცვლა კაკლით, მით უმეტეს, არაჯანსაღი საკვებისა, რაციონის გაუმჯობესების ყველაზე მარტივი გზაა“, – ამბობს პეტერსენი.  

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დღეში 50-80 გრამი ნიგვზის მიღება დადებით გავლენას ახდენს ნაწლავთა სისტემის მიკრობიომზე, ამცირებს გულის დაავადებათა განვითარების რისკს და ხელს უწყობს ორგანიზმის საერთო გაჯანსაღებას.

კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ კაკალი უზრუნველყოფს სხვადასხვა სუბსტრატების წარმოქმნას, მაგალითად, ცხიმმჟავების, უჯრედისისა და ბიოაქტიური ნაერთებისა, რაც ნაწლავურ მიკრობიომს კვებავს. ეს, თავის მხრივ, ხელს უწყობს სასარგებლო მეტაბოლიტების გენერირებას.