თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ოპოზიციური პარტიები საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით სახელმწიფო შენობებთან პიკეტირებას 4 თებერვლიდან განაახლებენ, განაცხადა პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.
საქართველოში ახალი საპროტესტო ტალღა 14 ნოემბერს, პარლამენტში საარჩევნო სისტემის რეფორმის ჩავარდნის შემდეგ დაიწყო, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა. მომხდარი ფაქტით შეშფოთებული ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ პრინციპით „ყველა ერთის წინააღმდეგ". კანონპროექტში შესატანი ცვლილებები ვერ გავიდა იმის გამო, რომ ხელისუფლების მიერ დაპირებულ შესწორებებს ბოლო მომენტში მმართველი პარტიის მაჟორიტარმა დეპუტატებმა არ დაუჭირეს მხარი.
„ერთადერთი, რაც მათ ესმით – ეს ძალაა. ამიტომ ეს ძალა გამოყენებული იქნება და ჩვენ მათ ხალხის ნებას დავანახებთ. მოხდება სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირება და 4 თებერვლიდან პარლამენტთანაც განახლდება პიკეტი. ეს გაგრძელდება მანამ, ვიდრე „ქართული ოცნება" დანაპირებს არ შეასრულებს... მათ ორი ალტერნატივა აქვთ – ან დათმობაზე წასვლა, ან არჩევნებამდე დაშლა", – განაცხადა გოცირიძემ ჟურნალისტებთან.
დეკემბრის ბოლოს „ქართული ოცნება“ ისევ შერეული სისტემის დატოვების ინიციატივით გამოვიდა, თუმცა გარკვეული დათმობის სახით ოპოზიციას შესთავაზა მაჟორიტარების რაოდენობის 73-დან 50-მდე შემცირება. შესაბამისად გათვალისწინებული იყო პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) ასარჩევი დეპუტატების რაოდენობის გაზრდა 77-დან 100-მდე.
ოპოზიციამ ამ წინადადებაზე უარი განაცხადა, ისევე, როგორც, თავის მხრივ, ხელისუფლებამ განაცხადა უარი ოპონენტების მიერ შეთავაზებულ ე.წ. „გერმანულ მოდელზე“. ამ მოდელის თანახმად, რჩება მაჟორიტარული სისტემა, მაგრამ საარჩევნო ოლქებში არჩევნების შედეგები მხოლოდ პროპორციული წესით უნდა დაითვალოს, ანუ პრინციპით „ერთი ამომრჩეველი – ერთი ხმა“. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის წინააღმდეგობა სწორედ ამ პრინციპშია. დღეს არსებული სისტემა გულისხმობს მოდელს „ერთი ამომრჩეველი – ორი ხმა“.
მოქმედი კონსტიტუციით, არჩევნების მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2024 წლიდან იგეგმება.