თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. პოლიციამ თბილისში დააკავა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პარტიზანი მებაღეების“ ლიდერი ნატა ფერაძე, რომლის დაკავების კადრები მის Facebook-გვერდზე გავრცელდა.
პროკურატურასთან აქციაზე ზვიად კუპრავა დააკავეს >>
თბილისის ცენტრში უცნობი პირები თავს დაესხნენ ტრანსგენდერებს, რის შემდეგ ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. იქვე იმყოფებოდა ფერაძე, რომელიც მომხდარს ტელეფონზე იღებდა და პოლიციელების ქმედებებს აკრიტიკებდა.
ვიდეოში ჩანს, როგორ აკავებს პოლიცია ერთ-ერთ ტრანსგენდერს, ხოლო ფერაძე პირდაპირ ეუბნება პოლიციის თანამშრომელს, რომ თუ ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს ტრანსგენდერს სიმშვიდისკენ, ის მას სილას გააწნავს. ამ სიტყვების შემდეგ ფერაძე დააკავეს.
შსს-ში ფერაძის ადმინისტრაციული წესით დაკავება „წვრილმანი ხულიგნობისა“ და „პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის“ დაადასტურეს. ის ხელწერილის საფუძველზე უკვე გაათავისუფლეს.