მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი 140-დან 20-მა გამოსაცდელმა გადალახა

საგამოცდო ტესტი სამართლის შესაბამისი დარგების მიხედვით შედგენილ მარტივი, საშუალო და რთული კატეგორიის 100 დავალებას მოიცავდა. თითოეულ დავალებას ჰქონდა რამდენიმე სავარაუდო პასუხი, რომლიდანაც გამოსაცდელს ერთ-ერთი უნდა აერჩია.
Sputnik

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა 140 გამოსაცდელიდან 20-მა მონაწილემ ჩააბარა, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კალაძე: პარლამენტის მიერ დამტკიცებულ მოსამართლეებს შორის არის რამდენიმე ოდიოზური ფიგურა

უწყების ცნობით, 75-ქულიანი ზღვარი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში 14-მა, ხოლო სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში ექვსმა გამოსაცდელმა გადალახა.

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საგამოცდო ტესტი სამართლის შესაბამისი დარგების მიხედვით შედგენილ მარტივი, საშუალო და რთული კატეგორიის 100 დავალებას მოიცავდა. თითოეულ დავალებას ჰქონდა რამდენიმე სავარაუდო პასუხი, რომლიდანაც გამოსაცდელს ერთ-ერთი უნდა აერჩია.

თითოეულ მონაწილეს ინდივიდუალური საგამოცდო ტესტი ჰქონდა შედგენილი. რაც შეეხება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპს, წერითი გამოცდა 25 იანვარს ჩატარდება.

უწყების ინფორმაციით, წერით გამოცდამდე ტესტური გამოცდის შედეგებით უკმაყოფილო გამოსაცდელს, რომელმაც სულ ცოტა 70 ქულა დააგროვა, საშუალება აქვს მიმართოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო ჯგუფს.