მერიის თანამშრომელი დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს - ვიდეო

სასამართლოზე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ მოხელეს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა საქართველოს ორ მოქალაქეს ნინოწმინდაში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრით სარგებლობის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 30 ათასი  ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 3 ათასი ლარი.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.