თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. სტატისტიკის გლობალური ბაზის Numbeo-ს საიტზე მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქების რეიტინგი გამოქვეყნდა.
კომპანიის ანგარიშიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის იანვარში „ცხოვრების ღირებულების ინდექსით“ ლიდერობს ციურიხი.
აღსანიშნავია, რომ უძვირესი ქალაქების პირველ ხუთეულს მთლიანად შვეიცარიის ქალაქები შეადგენს. ესენია: ციურიხი, ბაზელი, ლოზანა, ჟენევა და ბერნი.
სიძვირის მიხედვით ლიდერი ქვეყნების ათეულში ასევე შედის ნორვეგიის ოთხი ქალაქი – სტავანგერი, ოსლო, ტრონჰეიმი და ბერგენი, და ისლანდიის რეიკიავიკი.
საქართველოს დედაქალაქი თბილისი აღნიშნულ რეიტინგში 404-ე ადგილზე მოხვდა.
რაც შეეხება მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებს, თბილისთან შედარებით ყველა უფრო „ძვირი“ გამოდგა. მაგალითად, აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო უფრო „ძვირი“ გამოდგა და 390-ე პოზიციაზე მოხვდა, ერევანმა 380-ე ადგილი დაიკავა, სტამბული 325-ე ადგილზეა, ხოლო მოსკოვი 251-ე ადგილზე განთავსდა.
როგორც სერვისის საიტზეა ნათქვამი, „ცხოვრების ღირებულების ინდექსი“ გამოითვალა მაღაზიებისა და რესტორნების ფასების, ტრანსპორტის ღირებულებისა და კომუნალური გადასახადების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით.