თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) დაადასტურა, რომ ირანის მიერ ერაყში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე ავიაიერიშისას 11 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.
მანამდე, სამხედრო წყაროზე დაყრდნობით, აღნიშნულის თაობაზე წერდა გამოცემა Defense One.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს აღენიშნებოდათ ტვინის შერყევა, რის გამოც ისინი ქუვეითისა და გერმანიის ჰოსპიტალებში გადაიყვანეს სამკურნალოდ.
„მას შემდეგ, რაც დაშავებულ სამხედროებს სამსახურისთვის ვარგისად მიიჩნევენ, ისინი ერაყში დაბრუნდებიან“, — განუცხადა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს CENTCOM-ის წარმომადგენელმა, კაპიტანმა ბილ ერბანმა.
ირანმა აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო დარტყმა 8 იანვარს განახორციელა, რა დროსაც 15-მდე რაკეტა გამოიყენა. ეს იყო თეირანის პასუხი აშშ-ის მიერ 3 იანვარს გენერალ ქასემ სულეიმანის ლიკვიდაციაზე. ირანული ტელეარხი Press TV საკუთარ Twitter-ზე წერდა, რომ შეტევის შედეგად 80 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, თუმცა დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, სამხედროებს შორის მსხვერპლი არ ყოფილა.