მსოფლიო დღეს

სკანდალური ჩანაწერის საქმე: უკრაინის პრემიერ-მინისტრი გადადგა

მანამდე YouTube-არხზე აიტვირთა ვიდეორგოლი, რომელშიც პრემიერის, მინისტრებისა და ზოგი სხვა უწყების ხელმძღვანელების არაფორმალური თათბირია აღბეჭდილი. ჩანაწერში ისმის არასასიამოვნო გამონათქვამები ვლადიმირ ზელენსკის მიმართ.
Sputnik

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ალექსეი გონჩარუკმა თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა.

„თანამდებობაზე პრეზიდენტის პროგრამის შესასრულებლად მოვედი. ის ჩემთვის ღიაობისა და წესიერების ნიმუშია. თუმცა, პრეზიდენტისადმი ჩვენი პატივისცემისა და ნდობის საკითხში ნებისმიერი ეჭვის მოსაშორებლად განცხადება დავწერე <...> და ის პრეზიდენტს გადავეცი პარლამენტისთვის წარსადგენად“, — წერს გონჩარუკი საკუთარ Facebook-გვერდზე.

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი ზელენსკი უახლოეს მომავალში განიხილავს განცხადებას.

აღსანიშნავია, რომ მანამდე უკრაინის ლიდერის საიტზე გაჩნდა ელექტრონული პეტიცია, რომლის ავტორებიც გონჩარუკის გათავისუფლებას მოითხოვდნენ მისი არაპროფესიონალიზმის გამო.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც YouTube-არხზე აიტვირთა ვიდეორგოლი სათაურით „როგორ მოვატყუოთ პრეზიდენტი“, რომელშიც პრემიერის, მინისტრებისა და ზოგი სხვა უწყების ხელმძღვანელების არაფორმალური თათბირია აღბეჭდილი. ჩანაწერში ისმის არასასიამოვნო გამონათქვამები ვლადიმირ ზელენსკის მიმართ.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის პრეს-სამსახური ვერ ადასტურებს აღნიშნული ჩანაწერის ნამდვილობას, ხოლო თავად გონჩარუკი მომხდარს არაკეთილმოსურნეთა ხრიკად აფასებს.

ალექსეი გონჩარუკი უკრაინის მთავრობას გასული წლის 29 აგვისტოდან ხელმძღვანელობდა. მანამდე მას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა ეკავა.