გზა ანაკლიის პორტისკენ არ აშენდება?

ანაკლიისკენ საავტომობილო და სარკინიგზო გზების მშენებლობა პორტის ახალი ინვესტორის შერჩევის შემდეგ განახლდება.
Sputnik

თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის შეთანხმების შეწყვეტის გამო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისკენ მიმავალი საავტომობილო გზისა და სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტებთან. 

ანაკლიის პორტის ბედი და ოპოზიციის „შავი სია“ – რა ელოდება საქართველოს უახლოეს მომავალში

პორტის მშენებლობის ფარგლებში ანაკლიამდე საავტომობილო და სარკინიგზო გზების მშენებლობის ვალდებულება საქართველოს მთავრობას ჰქონდა აღებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტს უნდა გაეყვანა 18 კილომეტრის სიგრძის გზა, რისთვისაც 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 11 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.

„აღნიშნული საკითხი პირდაპირ უკავშირდება ახალ ტენდერს, რომელიც პროექტის ფარგლებში ხორციელდება. ჩვენ ფაქტობრივად გვაქვს გზისა და რკინიგზის პროექტი. ახლა საუბარია იმაზე, უნდა დახარჯოს თუ არა მთავრობამ რამდენიმე ასეული მილიონი ლარი გზისთვის იმ პორტისკენ, რომელიც ჯერ არ აშენებულა. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალში პორტი აშენდება“, – განაცხადა ქარსელაძემ.

საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ დადებული შეთანხმების საბოლოოდ შეწყვეტის შესახებ 9 იანვარს განაცხადა, მას შემდეგ, რაც 2019 წლის დეკემბერში ინვესტორმა მეშვიდედ ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება და მთავრობისთვის ბანკებთან საკრედიტო შეთანხმებების შესახებ დოკუმენტაციის წარდგენა.

ამის შემდეგ ხელისუფლებამ პორტის მშენებლობის პროექტის ახალი სატენდერო წინადადებების მომზადების პროცედურები დაიწყო.

რატომ გამოეთიშა კონსორციუმი პროექტს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ 2019 წლის დეკემბერში მეშვიდედ ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება და მთავრობისთვის საერთაშორისო ბანკებთან 400 მლნ დოლარის ფინანსური გარიგების დახურვის შესახებ დოკუმენტაციის წარდგენა. აქედან გამომდინარე მთავრობამ მიიღო ინვესტორთან 2016 წელს გაფორმებული შეთანხმების შეწყვეტის გადაწყვეტილება. 

საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტზე ახალ ტენდერს ამზადებს

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტთან მიერთების მიზნით მიიღო.

ამჟამად საქართველოში ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ამასთან, ტვირთბრუნვა ძირითადად ფოთის პორტში წარმოებს. ამ პორტის მინუსი მისი მცირე სიღრმეა – მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.

ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე ჩაღრმავების სამუშაოები. ამჟამად კი მშენებლობა შეჩერებულია.