„თამაშის დასასრული“ – რობერტ სტურუა სპექტაკლს გია ყანჩელის ხსოვნას მიუძღვნის

გია ყანჩელი და რობერტ სტურუა მთელი ცხოვრება მეგობრობდნენ და მრავალი წლის მანძილზე თეატრში ერთად ნაყოფიერად მუშაობდნენ.
Sputnik

თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. რობერტ სტურუას სპექტაკლის „თამაშის დასასრულის“ პრემიერა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე 20, 21 და 28 თებერვალს გაიმართება.

გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი სპექტაკლი „თამაშის დასასრული“ (Endgame) – ფრანგი და ირლანდიელი მწერლის, დრამატურგ-ექსპერიმენტატორის, ნობელის პრემიის ლაურეატის სემუელ ბეკეტის ტრაგიკომედიაა. 1957 წელს შექმნილმა ნაწარმოებმა საფუძველი ჩაუყარა ე.წ. აბსურდის თეატრს.

ესაა სპექტაკლი თეატრზე, ცხოვრებასა და სიკვდილზე, დასასრულსა და დასაწყისზე. პიესის ოთხი პერსონაჟია ფლეგმატური გმირები, რომლებიც ცარიელი სივრცის შუაგულში ცხოვრობენ და სხედან ნაგვის კონტეინერში, ინვალიდის ეტლსა და კიბეზე. 

„თამაშის დასასრული“ – ავტორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიესაა, რომელიც დაიდგა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის „ლა სკალას“ საოპერო სცენაზე. პირველად სპექტაკლი დადგა რეჟისორმა როჟე ბლენმა 1957 წლის 1 აპრილს ლონდონის სამეფო კარის თეატრში (Royal Court Theatre) ფრანგულ ენაზე.

რუსთაველის თეატრის სცენაზე სტურუას სპექტაკლში მონაწილეობენ გოგა ბარბაქაძე, ლევან ბერიკაშვილი, დავით უფლისაშვილი და ნანა ფაჩუაშვილი. სპექტაკლის მთავარი მხატვარი მირონ შველიძეა.

„სიჩუმის მაესტრო“ გია ყანჩელი 2019 წლის 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. კომპოზიტორი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.