ადამიანის სხეულის ტემპერატურა უფრო ცივი გახდა: 36,6 ნორმა აღარ არის

დადგინდა, რომ ადამიანის სხეულის საშუალო ტემპერატურამ 100 წლის განმავლობაში, ფიზიოლოგიური ცვლილებების გამო, დაიკლო და ახლა ჩვეული 36,6 გრადუსი ნორმად ვეღარ ჩაითვლება.
Sputnik

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ XIX საუკუნიდან დღემდე ადამიანის სხეულის ტემპერატურამ ნახევარი გრადუსით დაიკლო. მათი კვლევა გამოქვეყნებულია საიტზე Elifesciences.

სწავლულები ირწმუნებიან, რომ აქამდე საყოველთაო ნორმად აღიარებული 36,6 აღარ შეიძლება ჩაითვალოს ნორმალურ ტემპერატურად.

აღსანიშნავია, რომ მანამდე მსგავს დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანელი და შვედი სწავლულებიც, რომელთა თქმით, ჯანმრთელი ადამიანის სხეულის ტემპერატურა შეიძლება 35,7-დან 37,7 გრადუსამდე მერყეობდეს — ასაკის, სქესისა და რასობრივი კუთვნილების გათვალისწინებით. 

დასახელდა ყველაზე სახიფათო ასაკი ქალებისა და მამაკაცებისთვის: სამეცნიერო კვლევა

სტენფორდელმა მკვლევარებმა თავი მოუყარეს სხვადასხვა ბაზებში არსებულ მონაცემებს 1862-2017 წლებში ჩატარებული გაზომვების შესახებ, რომელთა რაოდენობამ 677 ათასი შეადგინა.

აღნიშნული მონაცემების ანალიზის შედეგად სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ 1880-2000 წლებში დაბადებული მამაკაცებისა და ქალების სხეულის საშუალო ტემპერატურა 0,003-0,0043 გრადუსით მცირდებოდა ყოველი 12 თვის განმავლობაში.

დადგინდა, რომ ადამიანის სხეულის საშუალო ტემპერატურამ 100 წლის განმავლობაში, ფიზიოლოგიური ცვლილებების გამო, დაიკლო და ახლა ჩვეული 36,6 გრადუსი ნორმად ვეღარ ჩაითვლება.

სამეცნიერო კვლევის ავტორების აზრით, გამოვლენილ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს რამდენიმე შესაძლო ახსნა აქვს. პირველი, რომ ბოლო 150 წლის განმავლობაში ადამიანები უფრო ჯანმრთელები გახდნენ — მედიცინის განვითარებისა და ცხოვრების დონის ამაღლების წყალობით, და მეორე: სხეულის ტემპერატურის შემცირებაზე გავლენა შეეძლო მოეხდინა კონდიციონერებსა და გათბობის სისტემებს. საქმე ისაა, რომ აღნიშნული სისტემები შენობებში მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს თანაბარ ტემპერატურას, რის შედეგადაც ორგანიზმს აღარ ესაჭიროება დამატებითი ენერგიის ხარჯვა თერმორეგულაციისთვის. 

აღსანიშნავია, რომ მეცნიერები ჯერჯერობით არ ასახელებენ სხეულის ნორმალური ტემპერატურის ახალ მაჩვენებელს. მათი თქმით, დღეს არსებული შესაძლებლობების პირობებშიც კი მისი გამოთვლა საკმაოდ რთულია, ვინაიდან ადამიანის სხეულის ტემპერატურა დამოკიდებულია რამდენიმე, მათ შორის, ცვალებად ფაქტორზე.