19 წლის გოგოს მეგობარმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გაუვრცელა – დაკავებულია ერთი პირი

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სასჯელის სახით ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. სამართალდამცველებმა შიდა ქართლში პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, ინტერნეტის საშუალებით მისი გამოყენებისა და გავრცელების, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით 24 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

იძულებითი სექსი და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები: ბოროტმოქმედს პატიმრობა შეეფარდა

გამოძიების მიხედვით, ბრალდებული ყოფილ მეგობარს, 19 წლის გოგონას შერიგებას სთხოვდა და სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც მის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცა – გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე.

„ბრალდებულმა დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები, კვლავ სთხოვდა ა.გ.-ს შერიგებას, უარის მიღების შემდეგ კი მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში უკანონოდ ატვირთა და გაავრცელა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების, ასევე შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.