საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობას ტოვებს

საქართველოს საპენსიო სააგენტოს ახალი ხელმძღვანელის დანიშვნამდე დირექტორის ფუნქციას გიორგი ჭიჭინაძე შეასრულებს.
Sputnik

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე თანამდებობას 16 იანვარს დატოვებს, იუწყება Новости-Грузия სააგენტოს პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.

საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ სურგულაძემ ჯერ კიდევ დეკემბერში განაცხადა. მან სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა და საკუთარი გადაწყვეტილება „სხვა გეგმებით“ ახსნა.

საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობას სურგულაძის ერთ-ერთი მოადგილე გიორგი ჭიჭინაძე შეასრულებს. მან დირექტორის მოადგილის თანამდებობა 2018 წლის 1 ნოემბერს დაიკავა. 

ეროვნული ბანკი საპენსიო ფონდების ზედამხედველობის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი გახდა

ვაკანტურ ადგილზე განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 31 იანვრამდე გაგრძელდება. სააგენტოს დირექტორის ყოველთვიური ხელფასი 10 ათასიდან 15 ათას ლარამდეა.

საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოში შედიან ფინანსთა, ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრები. საბჭოს ოლივიე რუსო ხელმძღვანელობს.

ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე 2018 წლის 17 სექტემბერს 5 წლის ვადით დაინიშნა.

დაგროვებითი პენსიის სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე წლიური ნომინალური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიური ანაზღაურების 6% ირიცხება – 2%-ს მოქალაქე თავად იხდის, 2%-ს – მისი დამქირავებელი და 2%-ს – სახელმწიფო. 24 ათას ლარზე მეტი წლიური ნომინალური შემოსავლის შემთხვევაში (60 ათას ლარამდე) სახელმწიფო საპენსიო ფონდში მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს. 60 ათასი ლარის ზემოთ შემოსავლის მქონე პირების შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

ბოლო მონაცემებით, საპენსიო რეფორმაში 943,1 ათასზე მეტი ადამიანი და 600 ათასზე მეტი კომპანიაა ჩართული, საერთო საპენსიო შენატანმა კი 508,4 მლნ ლარს გადააჭარბა.