კიოლნის უნივერსიტეტის სტუდენტები ქართულ კერძებს დააგემოვნებენ

ორგანიზატორებმა სტუდენტური მენიუსთვის არჩევანი ოთხ კერძზე – აჯაფსანდალზე, ჩახოხბილზე, ჩაქაფულსა და ლობიოზე შეაჩერეს.
Sputnik

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. გერმანიაში, კიოლნის უნივერსიტეტის კაფეტერიაში მთელი კვირის განმავლობაში ქართული კერძების დაგემოვნება იქნება შესაძლებელი, დაწერა უნივერსიტეტის ერთ-ერთმა სტუდენტმა თამარ კობახიძემ საკუთარ Facebook-გვერდზე.

ამ კვირაში გერმანელი სტუდენტები შეძლებენ დააგემოვნონ აჯაფსანდალი, ჩახოხბილი, ჩაქაფული და ლობიო. ეს გახდა შესაძლებელი ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, რომელიც ქართველი სტუდენტების გაერთიანება „აისის“ ორგანიზებით ტარდება. 

ვინ გახდა ახალი „მასტერ-შეფი“ - კულინარიულ შოუზე გამარჯვებული გამოვლინდა

სასადილოში ფასები საკმაოდ დაბალია, ამიტომ თითოეული სტუდენტი და უნივერსიტეტის სტუმარი შეძლებს სრული ასორტიმენტის გასინჯვას.

კვირეული უკვე გაიხსნა ფოტოგამოფენით „ქართული ისტორიები“. ორგანიზატორებმა ქართველი, ირლანდიელი, ფრანგი, გერმანელი და პორტუგალიელი ფოტოგრაფების 270 ფოტოდან 52 საუკეთესო ნამუშევარი შეარჩიეს. თითოეული მათგანი იმყოფებოდა საქართველოში და საკუთარი ნამუშევრების საშუალებით ქართული ყოველდღიურობა, კულტურა და ტრადიციები გადმოსცა.

ქართველი სტუდენტების გაერთიანება „აისი“ 2013 წელს სტუდენტ ნინო ბურდულაძის წყალობით გაჩნდა. ახლა გოგონა თბილისში ცხოვრობს, მაგრამ მისი დაწყებული საქმე კიოლნის უნივერსიტეტში კვლავ გრძელდება.

ქართული კულტურის კვირეული კიოლნის უნივერსიტეტში „აისის“ მიერ შვიდი წლის განმავლობაში ორგანიზებული ყველაზე მასშტაბური კულტურული მოვლენა გახდა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ასევე ქართველი ავტორების წიგნების პრეზენტაცია.