ინფრასტრუქტურის სამინისტრო: საქართველოში ზამთრის ტურისტული სეზონი არ ჩავარდნილა

წყლის პრობლემამ და მცირე თოვლმა ტურისტების გადინება გამოიწვია. ამის გამო სასტუმროებისა და ბარ–რესტორნების მეპატრონეებმა ზამთრის სეზონის ჩავარდნის შესახებ საუბარი დაიწყეს.
Sputnik

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. გუდაურსა და ბაკურიანში წყალმომარაგების პრობლემის გამო ტურისტული სეზონის ჩავარდნაზე საუბარი უადგილოა, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა ჟურნალისტებთან. 

გუდაურში წყალმომარაგების ალტერნატიული ქსელის მშენებლობა იგეგმება

ზამთრის ორ კურორტზე – გუდაურსა და ბაკურიანში წყალმომარაგების პრობლემა ახალი წლის დღეებში გაჩნდა, რის გამოც კურორტებმა დიდი ზარალი ნახეს. წყლის პრობლემამ და მცირე თოვლმა ტურისტების გადინება გამოიწვია. ამის გამო სასტუმროებისა და ბარ–რესტორნების მეპატრონეებმა ზამთრის სეზონის ჩავარდნის შესახებ საუბარი დაიწყეს.

„წარმატებული საკურორტო სეზონისა და ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის წყალი ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია. სამწუხაროა და კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს შექმნილი დისკომფორტისთვის, თუმცა, მთლიანობაში თუ შევაფასებთ სიტუაციას, ძალიან გადაჭარბებული და აბსოლუტურად უადგილოა იმის თქმა, რომ სეზონი ჩავარდა ან ჩავარდნის პირას იყო“, – აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.

ამ დროისათვის ბაკურიანი და გუდაური სარეზერვო სქემებით წყლით 24-საათიანი რეჟიმით მარაგდება.

ბეგიაშვილის თქმით, წყალი მხოლოდ კურორტების რამდენიმე ობიექტს არ მიეწოდებოდა, ამიტომ მათთვის წყლის მიწოდება ავტოცისტერნებით ხდებოდა.

„გუდაურში გვქონდა პრობლემა მხოლოდ ერთ კომპლექსთან, მთლიანი გუდაური კი 24-საათიან რეჟიმში მარაგდებოდა. ანალოგიური ვითარება იყო ბაკურიანშიც. წყალმომარაგება და კანალიზაცია ერთ-ერთი ყველაზე რთული სისტემაა. არსებულ სირთულეებს დაემატა ავარიებიც, რამაც განაპირობა დებეტის სიმცირე“, – აღნიშნა ბეგიაშვილმა.

რატომ წარმოიშვა პრობლემები

როგორც ბეგიაშვილმა აღნიშნა, წყლის არსებული მარაგი სავსებით საკმარისი უნდა ყოფილიყო ყველა იმ აბონენტისთვის, რომელსაც „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ემსახურება, თუმცა მიმდინარე წელს მშრალმა ყინვებმა გამოიწვია მიწისქვეშა წყაროების გაყინვა, რაც გახდა წყლის მარაგების შემცირების მიზეზი. 

მანდარია: ბაკურიანში წყალმომარაგება დღის განმავლობაში ეტაპობრივად აღდგება

ბეგიაშვილმა ასევე დასძინა, რომ ზამთრის კურორტებზე ყოველწლიურად იზრდება აბონენტების რიცხვი. მარტო 2019 წელს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ბაკურიანში სისტემას 800 ახალი აბონენტი დააერთა, საიდანაც 200-ზე მეტი კომერციული ობიექტია.

მისი სიტყვებით, ბაკურიანსა და გუდაურში ზამთრის სეზონისთვის მზადება დროულად დაიწყო. სპეციალურმა ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა უწყებების სპეციალისტები შედიან, გააანალიზა ყველა ის პრობლემა, მათ შორის, პარკინგის, წყალმომარაგების, გზების გარემონტების, მყარი ნარჩენების მართვის, რომელიც გასულ წელს წარმოიშვა კურორტებზე. აღნიშნული საკითხების გადასაჭრელად შემუშავდა გეგმა და გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.