თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსი მიხაილ მიშუსტინი წარადგინა, იუწყება РИА Новости კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
რუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა >>
ოთხშაბათს ექს-პრემიერმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. მედვედევმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ფედერალური საბჭოსადმი მიმართვა დასრულდა. მიმართვაში პრეზიდენტმა კონსტიტუციაში შესატანი მთელი რიგი ცვლილებები დაასახელა: პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს დაავალა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის არამარტო შეთანხმება, არამედ დამტკიცება.
„პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიხაილ მიშუსტინთან სამუშაო შეხვედრა ჩაატარა და მას მთავრობის თავმჯდომარის პოსტი შესთავაზა. თანხმობის მიღების შემდეგ პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მიშუსტინის კანდიდატურა სახელმწიფო სათათბიროში განსახილველად გაიტანა“, - განაცხადეს პრესსამსახურში.
სახელმწიფო სათათბირო მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მიშუსტინის კანდიდატურას 16 იანვარს სხდომაზე განიხილავს.
განკარგულება რუსეთის მთავრობის გადადგომის შესახებ უკვე ძალაში შევიდა. დოკუმენტის თანახმად, პრემიერის მოვალეობებს დროებით დმიტრი მედვედევი შეასრულებს.