საქართველოს პრეზიდენტი: ჟენევის მოლაპარაკებები უნდა გავაცოცხლოთ

საქართველოს სახელმწიფოს მეთაური დარწმუნებულია, რომ დროა უფრო ეფექტური დიპლომატიური მოქმედებები დაიწყოს.
Sputnik

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟენევაში ქართულ-რუსული დიალოგის ფორმატის გააქტიურების ინიციტივით გამოვიდა.

საქართველოს პრეზიდენტი რუსეთთან დიალოგის ჟენევის ფორმატით უკმაყოფილოა >>

მოლაპარაკებები ჟენევაში საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი ფორმატია. ქვეყნებს შორის 2008 წლიდან აღარ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები, რომლებიც საქართველომ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

„ჩვენ გვაქვს ერთადერთი გზა – დიპლომატიური გზა, კიდევ უფრო ეფექტური დიპლომატიური მოქმედებების დაწყება. არაერთხელ ვისაუბრე იმაზე, რომ ჟენევის ფორმატი უნდა გავაცოცხლოთ, გავააქტიუროთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.

ჟენევის დისკუსიების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. შეხვედრებში მონაწილეობას იღებენ საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები, ასევე ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს წარმომადგენლები. მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი გასული წლის ნოემბერში გაიმართა.