რა ღირს დემოკრატია: ცესკომ არჩევნებისთვის გამოყოფილი თანხა დაასახელა

წელს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნებისთვის რეკორდული თანხის დახარჯვას აპირებს.
Sputnik

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ცესკო 42,8 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს, ნათქვამია უწყების დადგენილებაში.

2020 წლის შემოდგომაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

რა გველოდება 2020 წელს - არჩევნები, ვიზიტები და ევროპული პერსპექტივა

დადგენილების თანახმად, გამოყოფილი თანხიდან დაახლოებით 32,4 მილიონი ლარი უშუალოდ საარჩევნო ღონისძიებებზე დაიხარჯება, 2,1 მილიონ ლარზე მეტი – რეკლამაზე.

საარჩევნო სუბიექტებისთვის ცესკო დაახლოებით 7,3 მილიონ ლარს გამოყოფს.

2008-2020 წლებში არჩევნებზე გამოყოფილი თანხები

არჩევნები ჩატარების წელიხარჯები (მლნ ლარი)
საპარლამენტო არჩევნები200824,9
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები2010 24,4
საპარლამენტო არჩევნები2012 26,8
საპრეზიდენტო არჩევნები2013 27,0
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები2014 30,3
საპარლამენტო არჩევნები2016 36,0
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები2017 28,4
საპრეზიდენტო არჩევნები2018 38,5
საპარლამენტო არჩევნები2020 42,8

დეპუტატების არჩევის წესი

წინასწარი მონაცემებით, არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. თუმცა ჯერ კიდევ რთული სათქმელია, რომელი სისტემით გაიმართება საპარლამენტო არჩევნები. კონსტიტუციით, 73 დეპუტატს ირჩევენ ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში, 77-ს – პარტიული სიებით (პროპორციული სისტემით). ამ სისტემას არ ეთანხმება ოპოზიცია, რომელიც მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მოითხოვს.

„დაზიანდა გუნდი“ - ივანიშვილი წუხს საარჩევნო რეფორმის ჩავარდნის გამო

ნოემბერში მმართველი პარტიის დეპუტატთა ნაწილის პროტესტის გამო ეს ინიციატივა ჩავარდა და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დაიწყო.

დეკემბრის ბოლოს „ქართული ოცნება“ ისევ შერეული სისტემის დატოვების ინიციატივით გამოვიდა, თუმცა გარკვეული დათმობის სახით ოპოზიციას შესთავაზა მაჟორიტარების რაოდენობის 73-დან 50-მდე შემცირება. შესაბამისად გათვალისწინებული იყო პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) ასარჩევი დეპუტატების რაოდენობის გაზრდა 77-დან 100-მდე.

ოპოზიციამ ამ წინადადებაზე უარი განაცხადა, ისევე, როგორც, თავის მხრივ, ხელისუფლებამ განაცხადა უარი ოპონენტების მიერ შეთავაზებულ ე.წ. „გერმანულ მოდელზე“. ამ მოდელის თანახმად, რჩება მაჟორიტარული სისტემა, მაგრამ საარჩევნო ოლქებში არჩევნების შედეგები მხოლოდ პროპორციული წესით უნდა დაითვალოს, ანუ პრინციპით „ერთი ამომრჩეველი – ერთი ხმა“. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის წინააღმდეგობა სწორედ ამ პრინციპშია. დღეს არსებული სისტემა გულისხმობს მოდელს „ერთი ამომრჩეველი – ორი ხმა“.