„შეცვალეს“ წევრებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან წამლები წყალში გადაყარეს

С ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატები, რომლებსაც ვადა გაუვიდა, საქართველოში მორიგი სკანდალის თემად იქცა.
Sputnik

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ახალგაზრდული ოპოზიციური მოძრობა „შეცვალეს“ წევრებმა თბილისში ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს და წყლით სავსე სათლში წამლები გადაყარეს, იუწყება „მთავარი არხი“.

პროტესტის მიზეზი გახდა ვადაგასული პრეპარატები, რომლებიც С ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოიყენებოდა. პარასკევს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 560,6 მილიონი ლარის ღირებულების წამლებს ვადა გაუვიდა და ისინი ჩამოწერეს.

560 მილიონი ლარის ღირებულების C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატს ვადა გაუვიდა

„ორი ათასი დოზა მედიკამენტი წყალშია გადაყრილი. აი, ასე, როგორც ჩვენ ახლა ვყრით ვადაგასულ მედიკამენტებს, ასე გადაყარა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მილიონობით ლარის ღირებულების წამლები“, – განაცხადა „შეცვალეს“ წევრმა გიორგი ათათიამ.

მომხდარზე პასუხისმგებლობა აქტივისტებმა დააკისრეს ყოფილ და ამჟამინდელ ჯანდაცვის მინისტრებს – დავით სერგეენკოსა და ეკატერინე ტიკარაძეს. აქტივისტები ხელისუფლებას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები გვიგზავნიან ამ მედიკამენტებს იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე იზრუნონ, ჩვენი ხელისუფლება კი აფუჭებს ამ წამლებს, ყრის წყალში. ფაქტობრივად ხელისუფლებამ შექმნა პრეცედენტი, რომ ორი ათასი კაცი, რომლის დოზაც არის გაფუჭებული, სიკვდილისთვის გაწირა. აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება და შეისწავლოს თითოეული მედიკამენტის დანიშნულება. სად წავიდა ეს წამლები? რეალურად გაუვიდათ ვადა თუ ისინი შავ ბაზარზე გაყიდეს?!" – აღნიშნა „შეცვალეს" წევრმა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

С ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობის პროგრამა საქართველოში 2015 წელს დაიწყო. ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმდა 10-წლიანი შეთანხმება ამერიკულ კომპანიასთან Gilead Sciences, რომელიც ამარაგებს ქვეყანას დაავადების სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტებით. პროგრამის მონაწილეებს თავდაპირველად პრეპარატ „სოვალდის“ ურიგებდნენ, რომელიც მომდევნო წლებში ჩაანაცვლა გაუმჯობესებულმა პრეპარატმა „ჰავრონმა“.

ახალი წლიდან სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტებს В ჰეპატიტზე აცრიან

აუდიტის სამსახურის დასკვნის მიუხედავად დაავადებათა კონტროლის ცენტრის უფროსი ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ პროგრამა წარმატებულად მიმდინარეობს. მისი თქმით, ჰეპატიტისგან უკვე 58 ათასი ადამიანი განიკურნა. უფრო ადრე მან განაცხადა, რომ მკურნალობას გადის 65 ათასი ადამიანი. გამოკვლეულია ზრდასრული მოსახლეობის 60%.

საქართველო ერთდაერთი ქვეყანაა, სადაც С ჰეპატიტის მკურნალობა უახლესი მედიკამენტით სრულიად უფასოა. С ჰეპატიტის ელიმინაციის ქართული პროგრამის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს.

პროგრამა 2020 წელს შეიძლება დასრულდეს და სპეციალისტები მოუწოდებენ მოქალაქეებს, რაც შეიძლება მალე ისარგებლონ უფასო მკურნალობის შესაძლებლობით.

2015 წელს ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის 8% С ჰეპატიტის მატარებელია, ამიტომ ქვეყანა დიდი გამოწვევის წინაშე დადგა.