ძველით ახალი წელს პიროტექნიკით ცხრა ადამიანი დაშავდა

ახალი წლის ღამესა და 1 იანვარს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად საქართველოს მასშტაბით 81 ადამიანი დაშავდა.
Sputnik

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ძველით ახალ წელს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

ახალი წლის დღეებში საქართველოში პიროტექნიკით 81 ადამიანი დაშავდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ შემთხვევებიდან ხუთი თბილისში მოხდა. ყველა პაციენტი მსუბუქად დაშავდა, არც ერთის ჰოსპიტალიზაცია არ გამხდარა საჭირო.

ოთხი დაშავებული გვიან ღამით თბილისის დამწვრობის ცენტრში შეიყვანეს. ცენტრის დირექტორის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, მათგან ორი 10 და 14 წლის მოზარდი იყო. სამ მათგანს მარჯვენა ხელის მტევნები ჰქონდა დაზიანებული, მეოთხე პაციენტს კი ორივე ხელის მტევნების დაზიანება აღენიშნებოდა.

პაციენტებს ჭრილობები ქირურგიულად ადგილზევე დაუმუშავეს და ოთხივე მათგანი ბინაზე გაეწერა.

ახალი წლის ღამესა და 1 იანვარს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად საქართველოს მასშტაბით 81 ადამიანი დაშავდა. 31 დეკემბრისა და 1 იანვრის მონაცემებით, პიროტექნიკით დაზიანების 48 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, ხოლო 33 – რეგიონებში.