სათვალე ზამთარში: რატომ უნდა დაიცვათ თვალები ცივ სეზონზე

ექიმების თქმით, ზამთარშიც კი საჭიროა პოლარიზაციული ან ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი სათვალის ტარება.
Sputnik

თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. მზისა და ულტრაიისფერი სხივებისგან თვალების დაცვა წლის ნებისმიერ დროს მნიშვნელოვანია, აცხადებენ მედიკოსები. 

მათი თქმით, ზამთარშიც კი საჭიროა პოლარიზაციული ან ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი სათვალის ტარება.  

ისრაელში გამოიგონეს თვალის წვეთები, რომლებიც სათვალეებს 100%-ით ანაცვლებს

მზეს შეუძლია თვალების დამწვრობა, კონიუნქტივიტი და ასევე რქოვანას მძიმე დაზიანება გამოიწვიოს. თვალების დაუცველობის შემთხვევაში გამოსხივების შედეგად შესაძლოა განვითარდეს მაკულარული დეგენერაცია, კატარაქტა და ფოტოკერატიტი. 

ექიმების განმარტებით, ზამთრის თვეებში ჩვენი თვალები ორმაგად ექცევა ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ. მით უმეტეს, თუ ირგვლივ თოვლი და ყინულია, რაც სარკესავით ირეკლავს მზის სხივებს. არსებობს ცნება „თოვლის სიბრმავე“, რა დროსაც მხედველობა დროებით იკარგება კიდეც. 

სწორედ ამიტომ მედიკოსები გვირჩევენ, ზამთარში კიდევ მეტი ყურადღება მივაქციოთ თვალების მოვლასა და, ზოგადად, მზის გავლენას მხედველობაზე.