ფოთში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს

ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. ის მეუღლემ დანით დაჭრა. დანაშაული ორი წლით პატიმრობას ითვალისწინებს.
Sputnik

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ფოთში ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, ქმარმა დანით დაჭრა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

34 წლის ქალს გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადამ პირველადი დახმარება ადგილზევე გაუწია, შემდეგ კი კვლევებისთვის ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ხაშურში მამაკაცმა ყოფილი მეუღლე თავის არეში დაჭრა

ფოთის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მორიგე ექიმის ლალი დამენიას განცხადებით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„გამოძახებაზე მისულ ჯგუფს დახვდა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა სხეულის სხვადასხვა არეში, ასევე ჰქონდა ორი ნაკვეთი ჭრილობა. ადგილზე გავუწიეთ დახმარება და გადავიყვანეთ ქალაქის ჰოსპიტალში. მისი მდგომარეობა სტაბილურია. როგორც თვითონ აღწერს, დაზიანებები მიაყენა მეუღლემ", – აღნიშნა ლალი დამენიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედი უკვე დაკავებულია.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს და ითვალისწინებს პატიმრობას ორი წლის ვადით.