მსოფლიო დღეს

ავსტრიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის საწინააღმდეგო სანქციები გააკრიტიკა

მინისტრის თქმით, გაზსადენი ხელს უწყობს ევროპის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციას და არ აზიანებს უკრაინის ინტერესებს.
Sputnik

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ შალენბერგმა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები გააკრიტიკა გაზეთ Die Presse-სთან ინტერვიუში. 

„ჩვენ უარვყოფთ სანქციების ექსტერიტორიულ მოქმედებას. ეს მიუღებელია“, — განაცხადა მან.

მინისტრის თქმით, გაზსადენი ხელს უწყობს ევროპის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციას და არ აზიანებს უკრაინის ინტერესებს. 

მილსადენს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ რუსეთი საკუთარი ძალებით დაასრულებს

შალენბერგის განმარტებით, ვაშინგტონი არ მალავს, რომ პროექტის მიმართ მისი კრიტიკა ეკონომიკურ მოსაზრებებს ეფუძნება. რაც შეეხება აშშ-ის გეგმას, მოამარაგოს ევროპა საკუთარი გათხევადებული ბუნებრივი აირით, შალენბერგმა თქვა, რომ „ევროპას სხვა ინტერესები აქვს“.

ამასთან მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებს მსგავსი ფასეულობები აქვთ.

„მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია 30 წლის წინანდელი მეთოდების გამოყენება. მსოფლიო მრავალპოლარული გახდა“, — დაასკვნა მინისტრმა. 

აშშ-ის სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ 

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 20 დეკემბერს ხელი მოაწერა 2020 წლის თავდაცვით ბიუჯეტს, რომელიც ასევე ითვალისწინებს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის და „თურქული ნაკადის“ საწინააღმდეგო სანქციებს. კომპანიებს, რომლებიც გაზსადენების მშენებლობაზე მუშაობდნენ, შეერთებულმა შტატებმა მუშაობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვა, რის შემდეგაც შვეიცარიულმა Allseas-მა პროექტზე მუშაობა შეაჩერა.  

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი საკუთარი ძალებით დაასრულებს გაზსადენის მშენებლობას, უცხოელი პარტნიორების გარეშე, და საქმე მხოლოდ ვადებშია. 

პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენის ორი ტოტის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელთა საერთო სიმძლავრე წელიწადში 55 მლრდ კუბური მეტრი გაზი იქნება რუსეთის სანაპიროებიდან გერმანიამდე — ბალტიის ზღვის გავლით.