თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. საქართველოს სახალხო არტისტს, კინოსა და თეატრის სახელგანთქმულ მსახიობს არიადნა შენგელაიას დღეს რუსთაველის კინოთეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.
არიადნა შენგელაიას შემოქმედებაში აღსანიშნავია კინოროლები: ტატიანა („ევგენი ონეგინი“, 1958), ეჟენი გრანდე („ეჟენი გრანდე“, 1960), მანოლი („ენგურის ნაპირებზე“, 1961), მარია („თეთრი ქარავანი“, 1964), ვერა შეინა („ძოწის სამაჯური“, 1964), ლოტა („ჯვარცმული კუნძლი“, 1968), კაროლინა („ფერენც ლისტი“, 1970), კაროლინა („მთვარის მოტაცება“, 1971), მარგალიტა („შერეკილები“, 1974) და სხვ. პარალელურად არიადნა შენგელაია გრიბოედოვის თეატრის მსახიობი იყო.
დღეს არიადნა შენგელაია იუბილარია. ცნობილ მსახიობს დაბადებიდან 83 წელი შეუსრულდა.
მართალია, არიადნა შენგელაია მრავალი წელია თბილისში ცხოვრობს, თუმცა არ უყვარს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა. ამიტომაც იგი პუბლიკის წინაშე 2007 წლიდან არ გამოჩენილა.
მსახიობი 13-წლიანი პაუზის შემდეგ დღეს პირველად გამოჩნდა. ის საკუთარი ვარსკვლავის გახსნას დაესწრო.
ვარსკვლავის გახსნის ცერემონიამდე გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში არიადნა შენგელაიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა.