მალე ახალი მთავრობა გვეყოლება?

ქართული პრესა ისევ მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე ალაპარაკდა. რამდენიმე ჟურნალისტისა და გამოცემის ინფორმაციით, იანვრის ბოლოს მთავრობაში საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი.
Sputnik

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გვიწინასწარმეტყველებს, რომ ამ კვირაში არანაირ სერიოზულ საკადრო ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. აი, 20 იანვრიდან 1 თებერვლამდე კი საკმაოდ რთული პერიოდი და სერიოზული სამთავრობო გადაადგილებებია მოსალოდნელი.

ასეთივე ჰიპოთეტური ჩანს მასმედიის ვერსიები თვის ბოლოს პრემიერის შეცვლასთან დაკავშირებით. უკვე ასახელებენ პრემიერობის სავარაუდო კანდიდატებსაც. ჟურნალისტ ელისო კილაძის ვერსიით, აშშ იმიტომ ითხოვს გიორგი გახარიას წასვლას, რომ 11 სექტემბრის ტერაქტის ოქროს მოწმე, ირანული წარმოშობის ბიზნესმენი დააპატიმრა. მეორე ვერსიით, მას ირანული ინვესტიციების მოზიდვასა და ფულის გათეთრებას ედავებიან. ზოგადად, ოპოზიციური მასმედია თვლის, რომ გახარიას საარჩევნო კამპანიაში ჩართვა 20 ივნისის მოვლენების გამო გაუჭირდება და ამიტომაც მმართველმა ძალამ ისეთი კანდიდატი უნდა მოძებნოს, რომელსაც ნაკლები რამ ექნება წამოსაძახებელი. ამავდროულად მისი ფეხის გადაბრუნებაზე „ქართულ ოცნებაში“ ძალიან ბევრი ლიდერი ოცნებობს. თუმცა არც მხოლოდ ოცნებობენ, მოქმედებენ კიდევაც ხშირად.

სასიხარულო ამბები ავტომანქანების მფლობელთათვის – რეგულაციების ნაწილი გადაიდო

გახარიას, ამ ექსპერტების მიერ ჩამოთვლილი ნაკლოვანებების გარდა, უამრავი პოზიტივი აქვს. ის გადაწყვეტილებების მიმღები პირია, სწრაფი და ეფექტური, არ ეშინია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და არაა კორუმპირებული... და, მაინც, მისი გაპრემიერებიდან ოთხი თვის თავზე უკვე ასახელებენ მის სავარაუდო შემცვლელებს.

პირველი ვერსიით, დასავლელმა დიპლომატებმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მოსთხოვეს, თავად ჩაუდგეს სათავეში მთავრობას და აიღოს პასუხისმგებლობა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე, შემდეგ კი ძალაუფლება კოალიციურ მთავრობას გადააბაროს. ამ ვერსიას ჟურნალისტი ელისო კილაძე ავრცელებს. ექსპერტი გია ხუხაშვილი კი თვლის, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

რა გველოდება 2020 წელს - არჩევნები, ვიზიტები და ევროპული პერსპექტივა

სხვა ვერსიებით, პრემიერად, შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ან განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გახდნენ. გადაწყვეტილება კი სწორედ იმიტომ ჭიანურდება, რომ ახლა ივანიშვილი სწორედ ისეთ კანდიდატურას ეძებს და არჩევს, რომელიც არჩევნებს მოიგებს.

ვნახოთ, რამდენად ახდება ვარსკვლავთმრიცხველებისა და ექსპეტების წინასწარმეტყველებები. მთავარი მაინც ისაა, რომ მთავრობამ კარგი სერვისები, მაღალი მშპ და სწრაფი ეკონომიკური ზრდა შესთავაზოს საზოგადოებას და არა ის, თუ ვინ დაიკავებს ამა თუ იმ პოსტს.