მეუფე ნიკოლოზი: ასეთი რამ სინოდს აქამდე არ გაუკეთებია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა მიუხედავად წმინდა სინოდის შუამდგომლობისა
Sputnik

თბილისი, 12 იანვარი - Sputnik. საპატრიარქომ ორჯერ მიმართა პრეზიდენტს, ერთხელ წინა პრეზიდენტს, მეორედ ამ პრეზიდენტს. თუ კიდევ იქნება ახალი პრეზიდენტი, იმასაც მივმართავთ, განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე საუბრისას.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა მიუხედავად წმინდა სინოდის შუამდგომლობისა. უარის მიზეზად ზურაბიშვილმა დაასახელა მამალაძის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის შეუსაბამობა შეწყალების ახალი კრიტერიუმებისადმი და „საზოგადოებაში სიმშვიდის შენარჩუნების“ სურვილი. სახელმწიფოს მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ „პატრიარქის ავტორიტეტის და სიცოცხლის ხელყოფა საქართველოს ხელყოფას ნიშნავს“, თუმცაღა დეკანოზს პატრიარქის რეფერენტის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად.

„უპრეცედენტო შემთხვევა იყო, ასეთი რამე სინოდს აქამდე არ გაუკეთებია, წერილობით მიმართა პრეზიდენტს. რა ვქნათ, მეორედ მივმართოთ ისევ?“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
დეკანოზ მამალაძის ოჯახი საქართველოს პრეზიდენტს სასამართლოში უჩივის

მეუფე ნიკოლოზის თქმით, თუ დეკანოზ გიორგი მამალაძის  ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბებს, ხელისუფლება რეაგირებას მოახდენს.

„თუ მამა გიორგის ჯანმრთელობა რაღაც კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბებს, აუცილებლად მოახდენს ხელისუფლება რეაგირებას, რადგან არავის სჭირდება, ავადმყოფობის გამო პატიმარი ციხეში გარდაიცვალოს“, - განაცხადა მეუფემ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში არ მიიღო.

დეკანოზმა მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. გამოძიების მონაცემებით, მამალაძის ბარგში ნატრიუმის ციანიდი იპოვეს, ხოლო ბინაში - კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის სექტემბერში გიორგი მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 2018 წლის თებერვალში სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. 2018 წლის აგვისტოში უზენაესმა სასამართლომ მამალაძის ადვოკატის სარჩელის განხილვაზე უარი განაცხადა და ამით ქვედა ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება ასევე ძალაში დატოვა.