კლუბ „ბასიანთან“ სროლის ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 12 იანვარი - Sputnik. თბილისში ღამის კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი სროლის ფაქტზე სამართალდამცველებმა ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 39 წლის პირი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებს მიხედვით, დაკავებულმა მიმდინარე წლის 12 იანვარს, კლუბ „ბასიანის" შესასვლელთან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა და სამი პირი დაჭრა. ამის შემდეგ ბრალდებული ადგილიდან მიიმალა. 

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. უწყების ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი კლუბის თანამშრომლები არიან.

ღამის კლუბ „ბასიანთან“ სროლა იყო: ერთი პირი დაკავებულია, არიან დაჭრილები >>

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი, ექვსი დანა და 23 საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.