„კალანდა-2020“: სალომე ზურაბიშვილი გურიას ეწვევა

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი გურიაში ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდება და რეგიონში არსებულ ვითარებას გაეცნობა
Sputnik

თბილისი, 12 იანვარი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 13 იანვარს გურიას სამდღიანი ვიზიტით ეწვევა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადმინისტრაციის ცნობით,  ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდება და რეგიონში არსებულ ვითარებას გაეცნობა.

კერძოდ, დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან, ლანჩხუთის საფეხბურთო აკადემიაში - სპორტსმენებთან და ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში - ფოლკლორის სფეროს წარმომადგენლებთან.

„14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს საქართველოს პრეზიდენტი ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულში აღნიშნავს: სახელმწიფო დროშას ერისთავების ციხე- სიმაგრეზე აღმართავს და საქართველოს მოსახლეობას სიტყვით მიმართავს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პრეზიდენტმა „ალილოს“ მონაწილეებსა და ქვეყნის მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა

ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით კი, 14 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეწვევა, რეაბილიტაციის პროცესს გაეცნობა და ქართულ საზოგადოებას თეატრის დღეს მიულოცავს.

ასევე, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან ერთად, სოფელ დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრება, ღონისძიებას „კალანდა 2020“ დაესწრება და ოზურგეთის რეაბილიტირებულ, ისტორიულ, პირველ საჯარო სკოლას დაათვალიერებს.

ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში საშობაო სპექტაკლს დაესწრება, რომელიც ადმინისტრაციის მხარდაჭერით, რეგიონში ლიცენზირებული და მოქმედი ბავშვთა სახლების ბენეფიციარებისათვის ჩატარდება.