ივანიშვილის რეზიდენციასთან თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა

ოპოზიციის აქტივისტები ევროკავშირისგან ივანიშვილის ქონების დაყადაღებას და შავ სიაში შეტანას მოითხოვენ
Sputnik

თბილისი, 12 იანვარი - Sputnik. ახალგაზრდული მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა კვირას მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან მის მიმართ სანქციების შემოღების მოთხოვნით აქცია გამართეს.

აქციაზე შეიკრიბა ათი ადამიანი, მათ ერთსაათიანი ჩუმი პროტესტი მოაწყვეს.

პოლიტიკური დაპირისპირების ახალი ტალღა საქართველოში: სიების ომი

„გვინდა, საერთაშორისო საზოგადოებას გავაგებინოთ ქართული საზოგადოების, ახალგაზრდების და აქტივისტების მოთხოვნა, რომ თუ გვსურს, ქვეყანაში იყოს მშვიდობიანი გარემო, მშვიდობიანი პოლიტიკური პროცესი, მნიშვნელოვანია, ამ ოლიგარქის ქონება დროულად იქნეს დაყადაღებული“, - განაცხადა მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენელმა  ნიკა ნოზაძემ.

მისი თქმით, ივანიშვილი შავ სიაში შეყვანის ერთ-ერთი კანდიდატია და მისი ქონების დაყადაღება ივანიშვილის „გაჩერების“ ერთადერთი გზაა.

მიმდინარე წლის შემოდგომაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერს ოპოზიცია ხშირად ამომრჩევლების მოსყიდვაში ადანაშაულებს. თავად ივანიშვილი არ მალავს, რომ თავის პარტიას ფინანსურად ეხმარება.