საქართველოში საფეხბურთო სეზონი 26 თებერვალს იხსნება

საქართველოს ჩემპიონატის ეროვნულ ლიგაში 2020 წლის სეზონზე გასული სეზონის მსგავსად 10 კლუბი ოთხ წრეში იასპარეზებს
Sputnik

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს სუპერთასის მატჩი ქვეყნის ჩემპიონ თბილისის „დინამოს“ და ქვეყნის თასის მფლობელ თბილისის „საბურთალოს“ შორის 26 თებერვალს გაიმართება.

ამ შეხვედრით აიღებს სტარტს საქართველოს 2020 წლის საფეხბურთო სეზონი, იუწყება პირველი არხი.

„საბურთალომ“ საქართველოს ფეხბურთის თასი მოიგო

საქართველოს სუპერთასის გათამაშება ფეხბურთში 1996 წლიდან იმართება და შვიდჯერ გამარჯვება თბილისის დინამოს მხარეს იყო. სუპერთასის მოქმედი გამარჯვებულია ქუთაისის „ტორპედო“, რომელმაც 2019 წელს „საბურთალოს“ ანგარიშით 1:0 მოუგო.

საქართველოს ჩემპიონატის ეროვნულ ლიგაში 2020 წლის სეზონზე გასული სეზონის მსგავსად 10 კლუბი იასპარეზებს. ჩემპიონატი ჩატარდება ოთხ წრეში (36 მატჩი), რა დროსაც ყველა გუნდი ერთმანეთს ორ-ორჯერ შეხვდება - შინ და გასვლაზე.

საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში ნოემბრის ბოლოს დასრულდება.