ვნებათაღელვა ანაკლიის პორტის ირგვლივ: რას გადაწყვეტს საერთაშორისო არბიტრაჟი

საქართველოს მთავრობამ გაწყვიტა საინვესტიციო შეთანხმება ქვეყანაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ინვესტორთან – „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“. საპასუხოდ კონსორციუმი საარბიტრაჟო სასამართლოში დავას აპირებს.
Sputnik

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" დეკემბერში უკვე მეშვიდედ ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება და მთავრობისთვის საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონ დოლარზე ფინანსური გარიგების დახურვის შესახებ დოკუმენტაციის წარდგენა. აქედან გამომდინარე, მთავრობამ ინვესტორთან 2016 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულება გაწყვიტა.

„ანაკლიის პორტის პროექტი ეკუთვნის სახელმწიფოს, ის არ ეკუთვნის არც ერთ კერძო ინვესტორს. უშუალოდ სახელმწიფო იყო ამ პროექტის განხორციელების ინიციატორი, სწორედ სახელმწიფომ გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ამ პროექტის განხორციელებაზე ჯერ კიდევ 2014 წელს. და მაშინ, როდესაც ამ საინვესტიციო ხელშეკრულების თანახმად, 2020 წლის ბოლოსთვის უკვე უნდა გვქონოდა ოპერირებაში პორტი, როგორც ხედავთ, ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ეს შედეგი ვერ მივიღეთ და ამის პერსპექტივაც არ ჩანს“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

ხელშეკრულების გაწყვეტის ფინანსური მხარე

ცქიტიშვილის თქმით, სახელმწიფო კონსორციუმისგან ფინანსური ვალდებულებების შესრულებას და 10 მილიონი დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოს, ასევე დამატებით ჯარიმების გადახდას მოსთხოვს.

საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას წყვეტს

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ხელშეკრულების გაწყვეტის იურიდიული შედეგები შევაფასეთ. მთელი ეს პროცედურები გაწერილია ხელშეკრულებაში და ზედმიწევნით მივყვებით ხელშეკრულების მოთხოვნებს. პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით უკვე იქნა ნაპატიები 10 მილიონ დოლარზე მეტი, რა თანხაც უკვე გაწეული შეღავათია სახელმწიფოს მხრიდან. დღეის მდგომარეობით კონსორციუმს კიდევ აქვს დარიცხული გარკვეული პირგასამტეხლო და, შესაბამისად, ამ პირგასამტეხლოს ანაზღაურების საკითხი, ისევე, როგორც შემდგომი იურიდიული პროცედურები, ბუნებრივია, იქნება დაწყებული“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ამასთან ერთად მან აღნიშნა, რომ კონსორციუმმა უნდა დააბრუნოს მისთვის გადაცემული მიწები, საპროექტო დოკუმენტაცია და ყველაფერი დანარჩენი.

რაც შეეხება შესაძლო დავას საერთაშორისო არბიტრაჟში, მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება დავას მოიგებს.

აშენდება თუ არა ანაკლიაში პორტი – მთავრობა გადაწყვეტილების მისაღებად ემზადება >>

„რა თქმა უნდა, ჩვენ არ მოვისურვებდით რაიმე სახის დავას, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ, იურისტების შეფასებით, დავის საფუძველი არ არსებობს, რადგან ვითარება ძალიან ნათელია. როგორც უკვე მოგახსენეთ, 2017 წლის აგვისტოს შემდეგ ხდება მთავრობის მიერ უპრეცედენტო მხარდაჭერა, მუდმივი გადავადება, ხელშეკრულების შეცვლა, საჯარიმო სანქციების პატიება, საბანკო გარანტიებისგან გათავისუფლება. აქედან გამომდინარე, ჩვენი შეფასებით, დავას არ აქვს არანაირი საფუძველი. მიუხედავად ამისა, ეს კონსორციუმის უფლებაა, მათი ნებაა და, რა თქმა უნდა, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჩვენ ვიქნებით ამ დავაში ჩართული როგორ მხარე“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

თავად კონსორციუმი აპირებს მიმართოს საარბიტრაჟო სასამართლოს.

„მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად აღარ გვრჩება სხვა გამოსავალი, თუ არა მივმართოთ საარბიტრაჟო სასამართლოს. არის იურიდიული პროცესები, რომელიც გასავლელია და დავძრავთ საქმეს. პროცესების დასრულებისთანავე იქნება მიმართული საარბიტრაჟო სასამართლოში“, – განაცხადა კონსორციუმის დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

ახვლედიანმა განმარტა, რომ ფინანსური გარიგების არდახურვის მიზეზი – სახელმწიფოს პოზიციაა, რომელმაც ინვესტორების პირობებზე უარი განაცხადა.

ახალი ინვესტორის ძებნა

ამავე დროს საქართველოს მთავრობა პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორის მოძებნას აპირებს.

ჰაერივით საჭიროა - მინისტრი ანაკლიის პორტის ინვესტორებისთვის დაწესებულ ვადებზე საუბრობს

„სხვა ალტერნატიული ინვესტორების მოძიება მთავრობის მხრიდან არ მიმდინარეობდა იქამდე, ვიდრე ძალაში გვქონდა არსებული ხელშეკრულება. მხოლოდ ხელშეკრულების გაწყვეტის პროცედურების შედეგ დავიწყებთ ახალი პარტნიორის მოძიების პროცესს. ამას დასჭირდება გარკვეული დრო, თუმცა არ იქნება ძალიან დიდხანს. უნდა მოხდეს ხელახალი მომზადება საინვესტიციო პაკეტის, რასაც, ალბათ, რამდენიმე თვე დასჭირდება. მოვამზადებთ წინადადებას, გამოვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ამასთან მან ახალი ინვესტორისთვის პირობები დაასახელა.

„პრიორიტეტულია ამ პროექტში დასავლური პარტნიორის ყოლა. სასურველია ამასთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ინვესტორის ყოლა, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ ეკონომიკურ წარმატებას ამ პროექტის, არამედ მისი უსაფრთხოების კომპონენტის სრულად გამოყენებას. ამდენად, ჩვენთვის პირველ რიგში არის და იქნებოდა სასურველი ამერიკელი და დასავლელი ინვესტორი“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მინისტრმა მიუღებელი კომპანიებიც დაასახელა.

„ჩვენთვის, ბუნებრივია, ვერ იქნება მისაღები ისეთი ინვესტორი, რომელიც შეიძლება იყოს შეუთავსებელი ჩვენ სტრატეგიულ ინტერესებთან, როდესაც ვსაუბრობთ არა მხოლოდ სტრატეგიულ ობიექტზე, არამედ ობიექტზე, რომელიც განთავსებულია შავ ზღვაზე და უსაფრთხოების კომპონენტებით ხასიათდება. გამორიცხული იქნება ისეთი ინვესტორი, რომელიც შეუთავსებელი იქნება ჩვენ სტრატეგიულ ინტერესებთან, რადგან პორტს აქვს არა მხოლოდ ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების განზომილებაც“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

წლის პროექტი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.

ამერიკული კომპანია ანაკლიის პორტის მშენებლობაში მონაწილეობას არ მიიღებს

საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ამასთან ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი მცირე სიღრმე – ამ დროისთვის მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება. პროექტის თანახმად, ანაკლიის პორტმა უკვე პირველი ფაზის დასრულების შემდეგ უნდა მიიღოს 10 ათასი კონტეინერის ტევადობის გემები.

ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, 2018 წლის ივლისში კი დაიწყო მუშაობა ფსკერის 16 მეტრამდე ჩასაღრმავებლად.

პორტი ცხრა ფაზად უნდა აშენდეს. პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მილიარდი დოლარია.