თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი 17 იანვარს რიგგარეშე სხდომას გამართავს, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, განაცხადა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.
საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია, რეგლამენტის მიხედვით, თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება. რიგგარეშე სესიის ჩასატარებლად უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტის თანხმობა ესაჭიროება.
„ჩვენ ვემზადებით საგაზაფხულო სესიისთვის. ამავე დროს, 17 იანვარს ვგეგმავთ რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომის ჩატარებას, რისთვისაც საქართველოს პრეზიდენტს მივმართავთ“, — განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.
ამასთან, არჩილ თალაკვაძემ კოლეგებს გააცნო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ექვს ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატების წარდგენის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინება, რომელიც განსახილველად იურდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.