გრიბოედოვის თეატრი „ალუბლის ბაღის“ განახლებულ ვერსიას წარმოადგენს

პირველად აღნიშნული დადგმა თბილისელმა მაყურებელმა ხუთი წლის წინ იხილა. მაშინ ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით სპეციალურად დაიდგა სახალხო არტისტ გურანდა გაბუნიასთვის
Sputnik

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ანტონ ჩეხოვის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლის, „ალუბლის ბაღის“ განახლებული ვერსიის საპრემიერო ჩვენება თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში 31 იანვარს შედგება, განუცხადეს Sputnik საქართველოს თეატრში. 

საახალწლო ქველმოქმედება: ვის და როგორ ეხმარება გრიბოედოვის თეატრი

პექტაკლი ანტონ ჩეხოვის დაბადებიდან 160 წლისთავს ეძღვნება.

 

პირველად აღნიშნული დადგმა თბილისელმა მაყურებელმა ხუთი წლის წინ იხილა. მაშინ ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით სპეციალურად დაიდგა სახალხო არტისტ გურანდა გაბუნიასთვის,  რომელმაც სპექტაკლში რანევსკაიას როლი შეასრულა.

 

„სპექტაკლი წარმატებით წარსდგა საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებზე, ნაჩვენები იყო საქართველოს ქალაქებსა და ასევე მოსკოვში“, — განაცხადეს თეატრში და განმარტეს, რომ დადგმის ახალი ვერსია გურანდა გაბუნიას ხსოვნას ეძღვნება.

სპექტაკლზე მუშაობდნენ რეჟისორი ანდრო ენუქიძე და საქართველოს სახალხო მხატვარი მირიან შველიძე. თეატრის დირექტორ ნიკოლაი სვენტიცკის აღნიშნულ პროექტში პროდიუსერის როლი აკისრია. 

რანევსკაიას როლს ირინა მეღვინეთუხუცესი შეასრულებს. მთავარ როლებში იქნებიან ნინა კიკაჩეიშვილი, ოლეგ მჭედლიშვილი, არჩილ ბარათაშვილი, მიხეილ არჯევანიძე და ივანე ქურასბედიანი.