რუსეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულები საავადმყოფოდან გაწერეს

სამგზავრო ავტობუსი, რომელიც მოსკოვი-თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, სავარაუდოდ, ლიპყინულისა და ცუდი ხილვადობის გამო მოცურდა და გადაბრუნდა.
Sputnik

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. რუსეთში, ქალაქ ლიპეცკთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости საგანგებო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

ექიმებმა საავადმყოფოში მიყვანილი რვა დაშავებულიდან ბოლო პაციენტი ხუთშაბათს გაწერეს, განუცხადა РИА Новости-ს რეგიონის საგანგებო სამსახურის წარმომადგენელმა.

ავტოსაგზაო შემთხვევა 26 დეკემბერს ლიპეცკის ოლქის სტანოვლიანსკის რაიონის დასახლებული პუნქტ იარკინოს მახლობლად ავტომაგისტრალზე მოხდა. სამგზავრო ავტობუსი, რომელიც მოსკოვი-თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, სავარაუდოდ, ლიპყინულისა და ცუდი ხილვადობის გამო მოცურდა და გადაბრუნდა. ავტობუსში სულ 19 ადამიანი, მათ შორის ბავშვი და ორი მძღოლი იმყოფებოდა. დაიღუპა ორი მამაკაცი (50 და 58 წლის), რვა მგზავრი კი დაშავდა.

30 დეკემბრისთვის ექიმებმა საავადმყოფოდან შვიდი დაშავებული, მათ შორის, ბავშვი გაწერეს. ლიპეცკის სტაციონარში მკურნალობას ამ დრომდე მხოლოდ ერთი ადამიანი აგრძელებდა.

„ისიც გამოწერეს, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულებიდან საავადმყოფოში არავინ დარჩა", – განუცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.

პოლიციამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე მუხლით - „საგზაო მოძრაობისა და სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რასაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა". საგამოძიებო კომიტეტმა ავარიის ფაქტზე ასევე აღძრა საქმე მუხლით „მომსახურების გაწევა, რომელიც არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების მოთხოვნებს, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა და სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია, რასაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა". 30 დეკემბერს გამართულ სასამართლოზე ავტობუსის მძღოლს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.