თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, გაწყვიტოს საინვესტიციო შეთანხმება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“, რომელმაც ქვეყანაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ვალდებულება აიღო საკუთარ თავზე, განაცხადა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" დეკემბერში უკვე მეშვიდედ ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება და მთავრობისთვის ბანკებთან საკრედიტო შეთანხმებების შესახებ დოკუმენტაციის წარდგენა.
საუბარია ფინანსური გარიგების დახურვაზე, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ისინი ითხოვენ გარკვეული პირობების შესრულებას, რომელთა შორის ყველაზე მთავარია მოთხოვნა სახელმწიფოსადმი, დააზღვიოს ის განსხვავება, რომელიც კონსორციუმს კრედიტის გრაფიკით დაფარვისთვის, შეიძლება, არ ეყოს. სახელმწიფომ ეს სახსრები უნდა გადასცეს კონსორციუმს, ხოლო მან, თავის მხრივ, ის ბანკებს უნდა გადაუხადოს.
ამ პირობებს კატეგორიულად არ ეთანხმებოდა საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც განაცხადა, რომ ამ საკითხში დათმობას არ აპირებდა. ამის გამო ფინანსური გარიგების დახურვა ჩაიშალა.
„მთავრობამ განიხილა საკითხი და მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროექტის განსახორციელებლად კონსორციუმისთვის ვალდებულებების შესრულების მორიგი გადავადება ვერ უზრუნველყოფს სასურველი შედეგის მიღწევას, რამდენადაც ამ პერიოდის განმავლობაში კონსორციუმმა თავისი ქმედებებით, სამწუხაროდ, დაამტკიცა, რომ ვერ შეძლებს ამ პროექტის განხორციელებას. ასე რომ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება კონსორციუმთან დადებული საიინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურის დაწყების თაობაზე“, – განაცხადა მინისტრმა.
საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ამასთან ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი მცირე სიღრმე – ამ დროისთვის მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება. პროექტის თანახმად, ანაკლიის პორტმა უკვე პირველი ფაზის დასრულების შემდეგ უნდა მიიღოს 10 ათასი კონტეინერის ტევადობის გემები.
თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებული გახდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი". „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი" დააფუძნეს „თი-ბი-სი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
თუმცა, ჯერ კიდევ შეთანხმების ხელმოწერამდე სახელმწიფო დათმობაზე წავიდა და პორტის მშენებლობის ეტაპები შვიდიდან ცხრა ფაზამდე გაზარდა, სახელმწიფო „საპარტნიორო ფონდმა" კონსორციუმს 22 წელზე გათვლილი 100 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტი გამოუყო, რომელსაც კომპანია მას შემდეგ მიიღებდა, რაც მშენებლობის პირველი ფაზის დაფინანსების წყაროს იპოვიდა.
მშენებლობის პირველი ფაზა ითვალისწინებს პორტის აშენებას სატვირთო ხომალდებისთვის, ტერმინალს კონტეინერებისთვის, ტალღის მჭრელსა და ადგილს ინტერმოდალური სარკინიგზო გადაზიდვებისთვის. „კონსორციუმის“ გათვლებით, ამას 600 მლნ დოლარი სჭირდება
შეთანხმების ხელმოწერიდან 2018 წლის ოქტომბრამდე სახელმწიფოსა და კონსორციუმს შორის შეთანხმებაში 40-ზე მეტი ცვლილება შევიდა. პრაქტიკულად ყველა ცვლილება ეხებოდა ვადების გაგრძელებას. ამასთან, კონსორციუმს ჩამოაწერეს 11 მლნ დოლარის ჯარიმა.
ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, 2018 წლის ივლისში კი დაიწყო მუშაობა ფსკერის 16 მეტრამდე ჩასაღრმავებლად. თუმცა მუშაობა ამაზე შეჩერდა.
პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მილიარდი დოლარია.