მსახიობები ილო ბეროშვილი და ანი ბებია ჯერჯერობით ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან, თუმცა უკვე ცხოვრებაში მთავარ სიახლეს ელოდებიან, ისინი პირველი შვილის მშობლები გახდებიან. ამის შესახებ ანი ბებიამ ორშაბათს ტელეპროექტ „მხოლოდ ქართულში“ განაცხადა, თუმცა პატარას სქესი ჯერჯერობით არ უთქვამს. რაც შეეხება თავად ილო ბეროშვილს, მან ორსულ მეუღლეს პირდაპირ ეთერში მუცელზე აკოცა და მაყურებელთან პირობა დადო, რომ „მხოლოდ ქართულის“ ოცდამესამე სეზონზე მისი შვილი პროექტში მიიღებს მონაწილეობას. შვილს ელოდება ასევე ილო ბეროშვილის პირველი ცოლი, ტელეწამყვანი ნელი აგირბა, რომელიც მალე მესამე შვილის დედა გახდება. წყვილს ორი საერთო შვილი – სესილია და ევა ჰყავს.
ილო ბეროშვილი და ანი ბებია ბოლო პერიოდში ერთად მონაწილეობდნენ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“, თუმცა, რეალური ცხოვრებისგან განსხვავებით, ილო ბეროშვილის გმირს „შაგუს“ ანი ბებიას გმირი „ფარმაცევტი ნინო“ ცალმხრივად უყვარდა და მათი რომანი სერიალში ვერ შედგა. ანი ბებია ილო ბეროშვილთან დაწყვილებამდე საკმაოდ პოპულარული გოგონა იყო. ილო ბეროშვილი და ანი ბებია თავიანთ სასიყვარულო ურთიერთობას კარგა ხანი მალავდნენ, ამ თემაზე საჯაროდ არ საუბრობდნენ, მაგრამ თბილისში რა დაიმალება... მათი დაწყვილების შესახებ ხმები ჯერ კიდევ მაშინ გავრცელდა, ვიდრე სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალ სეზონზე მათ პერსონაჟებს შორის გაჩნდებოდა ინტრიგა.
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ილოს და ანის ერთობლივი ფოტო გამოჩნდა, კომენტარებში მათ დაქორწინებას ულოცავდნენ, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ისინი უბრალოდ ერთად ცხოვრობენ და ოფიციალურ ურთიერთობაში არ არიან. „მახსოვს, პირველი შეხვედრისას უზრდელის შთაბეჭდილება დატოვა, რადგან სტუდიაში რომ შევედი, ტელეფონით იყო დაკავებული, ერთი ამომხედა და ისევ ტელეფონში ჩარგო თავი. გადაცემის შემდეგ მომწერა, მადლობა გადამიხადა სტუმრობისთვის... მეგობრობის სტრატეგია აირჩია და შემდეგ შემაყვარა თავი... ძალიან კარგი, მშვიდი და დაღვინებული ეტაპია ჩვენს ურთიერთობაში. ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს“, – ამბობს ანი ერთ-ერთ ინტერვიუში. მსახიობი საყვარელი მამაკაცისთვის სიყვარულის ახსნას და თბილ სიტყვებს სოციალურ ქსელში არ ერიდება.